„პატარა პერეირაა“ - ომალიმ თოფურია შეაფასა
ილია თოფურიასა და მაქს ჰოლოუის ბრძოლის მიმდინარეობისას, UFC-ის ყოფილი ჩემპიონი შონ ომალი სოციალურ ქსელში საკმაოდ აქტიური იყო და გარკვეულ შეფასებებს აკეთებდა, რაც შერეული ორთაბრძოლების მოყვარულებში აზრთა სხვადასხვაობას იწვევდა.
„შუგა“ ქართველი მებრძოლების მიმართ მუდამ ირონიული დამოკიდებულებით გამოირჩეოდა, რის გამოც მერაბ დვალიშვილისგან სათანადოდ დაისაჯა, თუმცა მან თოფურიას შეფასებისას ამჯერადაც სარკაზმი გამოურია. ომალიმ პირველი რაუნდის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ „ელ მატადორი“ საკმაოდ აგრესიულია და სტილით ნამდვილი პატარა პერეირაა.
ბრაზილიელი ალექს პერეირა არის ალბათ ის ერთადერთი სპორტსმენი, რომელიც UFC-ის 2024 წლის საუკეთესო მებრძოლის ტიტულისთვის ბრძოლაში ილია თოფურიას მთავარი კონკურენტი იქნება, რადგან პირველად ჩემპიონი 2023 წლის 11 ნოემბერს გახდა და ბოლო 175 დღის განმავლობაში ქამარი წარმატებულად სამჯერ დაიცვა, ბოლოს კი ოქტომბრის დასაწყისში ხალილ რანთრი დაამარცხა.