მეათედ XXI საუკუნეში - კლასიკოს დეტალები
ესპანეთის ლა ლიგაში „რეალის“ ფენომენალური სვლა გუშინ, „სანტიაგო ბერნაბეუზე“ „ბარსელონამ“ შეაჩერა. მადრიდელებს ლა ლიგაში 42-მატჩიანი წაუგებელი სერია ჰქონდათ და თუ კიდევ ერთ შეხვედრას არ წააგებდნენ, სწორედ „ბლაუგრანას“ მიერ 2017-2018 წლებში ერნესტო ვალვერდეს მწვრთნელობისას დამყარებულ რეკორდს გაიმეორებდნენ, თუმცა მათ ამის გაკეთების საშუალება სწორედ კატალონიელებმა არ მისცეს.
გუშინდელი გამარჯვება იყო XXI საუკუნეში რიგით მეათე, როდესაც „ბარსელონამ“ „რეალი“ მინიმუმ სამბურთიანი სხვაობით დაამარცხა. ათიდან ექვს შემთხვევაში კატალონიელებმა მეტოქე მადრიდში, მისსავე სტადიონზე გაანადგურეს, ოთხჯერ კი „ნოუ კამპზე“ იზეიმეს წარმატება. ამ დროს მადრიდელებმა დიდი სხვაობით მხოლოდ სამჯერ დაამარცხეს მეტოქე, აქედან ერთხელ სუპერ თასზე, ერთხელ სამეფო თასზე და ერთხელაც ესპანეთის ჩემპიონატში. 2004 წლის შემდეგ „სანტიაგო ბერნაბეუზე“ ჩატარებული 29 „ელ კლასიკოდან“ „ბარსამ“ 16 მოიგო, მაშინ როცა მანამდე ამ სტადიონზე გამართული 74 მატჩიდან მხოლოდ 13-ში ჰქონდა გამარჯვება მოპოვებული.
გუშინდელი მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელებული 36 წლის რობერტ ლევანდოვსკი გახდა XXI საუკუნეში ყველაზე ასაკოვანი მოთამაშე, რომელმაც „ელ კლასიკოში“ დუბლის შესრულება შეძლო. მთლიანობაში კი, „დორტმუნდში“, „ბაიერნსა“ და „ბარსელონაში“ ასპარეზობისას, პოლონელს „რეალის“ წინააღმდეგ გამართულ 16 შეხვედრაში 10 ბურთი აქვს გატანილი. რაც შეეხება მესამე გოლის ავტორ ლამინე იამალს - 17 წლისა და 105 დღის ასაკში „ბარსას“ მე-19 ნომერი გახდა „კლასიკოების“ ისტორიაში გოლის გამტანი ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი და მან ანსუ ფატის (17 წლის და 359 დღის) მიერ რამდენიმე წლის წინ დამყარებული რეკორდი მოხსნა.
დასამახსოვრებელი გახლდათ ეს მატჩი ჰანს დიტერ ფლიკისთვის - ის ტატა მარტინოს (2013 წელი) შემდეგ პირველი მთავარი მწვრთნელია „ბარსელონას“ ისტორიაში, რომელმაც „რეალთან“ სადებიუტო მატჩშივე მოახერხა გამარჯვება. მარტინოს შემდეგ იყვნენ ლუის ენრიკე, ერნესტო ვალვერდე, კიკე სეტიენი, რონალდ კუმანი და ჩავი ერნანდესი, თუმცა ვერც ერთმა მათგანმა ამის გაკეთება ვერ შეძლო.
ოფიციალურ მატჩებს თუ მივიღებთ მხედველობაში, რიგით 258-ე „ელ კლასიკოში“ „ბარსამ“ 101-ედ გაიმარჯვა, 52 შეხვედრა ფრედ არის დასრულებული, ხოლო „რეალის“ ანგარიშზე 105 მოგებაა.