„როდესაც ერთ ლეგენდას ამარცხებ, მეორეს, მესამეს, საბოლოოდ, შენც ლეგენდა ხდები“ - დენა ილიაზე
UFC-ის ხელმძღვანელმა, დენა უაითმა აბუ-დაბიში, UFC 308-ს ფარგლებში გამართული ორთაბრძოლები შეაფასა და გამოეხმაურა ღონისძიების მთავარ მოვლენას - სატიტულო ჩხუბს ილია თოფურიასა და მაქს ჰოლოუეის შორის, რომელიც მე-3 რაუნდში ქართველი მებრძოლის ნოკაუტით გამარჯვებით დასრულდა.
დენა უაითი:
„როდესაც ერთ ლეგენდას ამარცხებ, მერე მეორეს, მერე მესამეს, საბოლოოდ, შენც ლეგენდა ხდები. დღეს ორივე კარგად გამოიყურებოდა. მაქსს კარგი გეგმა ჰქონდა მომზადებული. ორივე მებრძოლმა შესანიშნავად იჩხუბა, მაგრამ თოფურიამ გააკეთა ის, რაც აქამდე არავის გაუკეთებია. თუ ვოლკანოვსკისთან ჩხუბის შემდეგ ილიას შესაძლებლობებში ვინმეს ეჭვი ეპარებოდა, დღეს უკვე არავის ეპარება ეჭვი მასში.
ილიას მომდევნო მეტოქე? ვოლკანოვსკი ერთ-ერთი შესაძლო ვარიანტია. ჩვენ ალექსს უარს არ ვეტყვით. ვინ შეიძლება იყოს ამ ბრძოლის ხილვის წინააღმდეგი? ხომ არ იგეგმება UFC-ის ღონისძიების ჩატარება საქართველოში, რომელსაც ორი მოქმედი ჩემპიონი ჰყავს?
როდესაც ვნახეთ, როგორ იჩხუბა დღეს თოფურიამ, კიდევ უფრო დავრწმუნდით, რომ ესპანეთში ბრძოლის ორგანიზება აუცილებლად უნდა მივიყვანოთ ბოლომდე. არ მიყვარს სტადიონებზე ღონისძიების ორგანიზება, თუმცა თუ ამის გაკეთება მოგვიწევს, მზად ვარ [სანტიაგო ბერნაბეუსთვის].
რატომ არ იყო ბრძოლა BMF-ის ქამრისთვისაც? დღეს ჩხუბი ილიას ქამრისთვის იყო, თუმცა მეორე რაუნდში გავიფიქრე, რომ BMF-ის ქამარიც უნდა გამოგვეტანა... ორივე მებრძოლი იმსახურებდა ამ ტიტულს. არ ვიცი, ეს ქამარი კვლავ მაქს ჰოლოუეისაა. ვნახოთ, რა იქნება მომავალში.
რამდენად რეალურია, რომ ილია სამ ქამარს დაეუფლება? მე უფრო მომწონს, როდესაც მებრძოლი „მოასუფთავებს“ თავის დივიზიონს - თუ იქნება ვოლკანოვსკისთან ჩხუბი და მას ილია ისევ მოუგებს, ასევე მან მოუგო მაქსს, მოუგებს სხვებს, მხოლოდ მაშინ უნდა დაისვას კითხვა - რა ხდება ამის შემდეგ?“
შეგახსენებთ, რომ აბუ-დაბიში UFC 308-ზე გამართულ სატიტულო ჩხუბში ილია თოფურიამ ქვემსუბუქი წონით დივიზიონის ჩემპიონის ტიტული დაიცვა და მაქს ჰოლოუეი მესამე რაუნდში დაანოკაუტა.
აღსანიშნავია, რომ 32 წლის ჰოლოუეის კარიერაში ეს ნოკაუტით პირველი მარცხი იყო. ილიამ MMA-ში გამართული 16-ვე ბრძოლა მოიგო და გახდა პირველი ქართველი მებრძოლი, რომელმაც საჩემპიონო ქამარი დაიცვა.