„უბრალოდ დაუჯერებელია...“ - ილიას პირველი კომენტარი ქამრის დაცვის შემდეგ
ქვემსუბუქი წონით დივიზიონის ჩემპიონის ქამრის დაცვის შემდეგ ილია თოფურიამ პირველი კომენტარი გააკეთა. ილიას თქმით, ისეთი ლეგენდის დამარცხება, როგორც მაქს ჰოლოუეია, უბრალოდ დაუჯერებელია.
რა თქვა ილიამ:
მადლობა ღმერთს, ის მაძლევს ყველაფერს, რაც კი მაქვს ცხოვრებაში. არ ვიცი, რა ვთქვა - ისეთი ლეგენდის დამარცხება, როგორც მაქს ჰოლოუეია, უბრალოდ დაუჯერებელია. მთელი მისი კარიერის განმავლობაში მაქსი ჩემთვის შთაგონების წყარო იყო. მებრძოლების ახალი თაობისთვის ის მაგალითს წარმოადგენდა. ამ ახალი თაობის წარმომადგენელი ვარ და იმედი მაქვს, რომ თუნდაც მცირედით შევძლებ შემდეგი თაობისთვის ისეთი მაგალითის მიცემას, როგორიც ჩვენ მაქსმა მოგვცა. ჩემი პატივისცემა მას.
როდესაც სახეში მოვარტყი, მან რამდენიმე ნაბიჯით დაიხია უკან. იშვიათად ხდება ისე, რომ მაქსი უკან იხევს, ამ დროს ჩემმა ძმამ დამიძახა, რომ ზეწოლა გამეგრძელებინა. გავაგრძელე და დავანოკაუტე კიდეც.
ამის შემდეგ ილიამ ალექსანდერ ვოლკანოვსკის მიმართა:
ჩვენ ისევ ვიჩხუბებთ, შენ ამას იმსახურებ. თუ არ მეშლება, შენ ქამარი 7-ჯერ დაიცავი, ამიტომ თუ ვინმე იმსახურებს ქამრისთვის ჩხუბს, ეს შენ ხარ. გაუმარჯოს ესპანეთს, გაუმარჯოს საქართველოს. ეს ყველაფერი თქვენთვისაა!“
აბუ-დაბიში UFC 308-ზე გამართულ სატიტულო ჩხუბში ილია თოფურიამ ქვემსუბუქი წონით დივიზიონის ჩემპიონის ტიტული დაიცვა და მაქს ჰოლოუეი მესამე რაუნდში დაანოკაუტა.
აღსანიშნავია, რომ 32 წლის ჰოლოუეის კარიერაში ეს ნოკაუტით პირველი მარცხი იყო. ილიამ MMA-ში გამართული 16-ვე ბრძოლა მოიგო და გახდა პირველი ქართველი მებრძოლი, რომელმაც საჩემპიონო ქამარი დაიცვა.