ზურიკოს დუბლი საკმარისი არ აღმოჩნდა - სენტ-ეტიენმა ანჟერთან წააგო
ლიგა 1-ის მე-9 ტურის მატჩში ზურიკო დავითაშვილის „სენტ-ეტიენი“ „ანჟერს“ ესტუმრა და 2:4 დამარცხდა.
ანგარიში მე-7 წუთზე ჰიმად აბდელიმ გახსნა, მე-16 წუთზე კი „სენტ-ეტიენმა“ 11-მეტრიანის დარტყმის უფლება მოიპოვა. ბურთთან ზურიკო დავითაშვილი მივიდა, თუმცა მეკარემ მისი დარტყმულის მოგერიება შეძლო, შემდეგ კი ოგუსტენ ბოაკიემ ანგარიში გაათანაბრა. ეპიზოდის VAR-ზე გადამოწმების შემდეგ მსაჯმა გოლი გააუქმა, თუმცა იმის გამო, რომ „ანჟერის“ ფეხბურთელები დარტყმამდე საჯარიმოში შევიდნენ, ზურიკოს პენალტის განმეორებით შესრულების უფლება მიეცა.
მეორე ჯერზე ქართველმა შემტევმა 11-მეტრიანი ზუსტად შეასრულა და ანგარიში გაათანაბრა. 39-ე წუთზე ჟან აჰოლუმ „ანჟერი“ ისევ გაიყვანა წინ და პირველი ტაიმი სწორედ მასპინძელთა უპირატესობით დასრულდა - 2:1.
57-ე წუთზე ზურიკო დავითაშვილმა საჯარიმოს გარედან დარტყმით ანგარიში ისევ გაათანაბრა, თუმცა ეს „სენტ-ეტიენისთვის“ საკმარისი არ აღმოჩნდა - „ანჟერი“ 69-ე წუთზე პენალტი გამოიყენა და ისევ დაწინაურდა, ხოლო მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში ზურიკოს გუნდმა მეოთხე გოლიც გაუშვა.
ქართველმა შემტევმა Sofascore-ისგან 7,8-იანი შეფასება მიიღო - საუკეთესო „სენტ-ეტიენის“ რიგებში. დავითაშვილის სტატისტიკა ასეთი იყო: 3 დარტყმა კარში, 1 დარტყმა კარისკენ, 4 დაბლოკილი დარტყმა, დრიბლინგის 1 წარმატებული მცდელობა 4-დან, ბურთთან 68 შეხება, 40-დან 33 ზუსტად შესრულებული პასი (83%), 2 საკვანძო პასი, 1 წარმატებული ჩაწოდება, 9-დან 1 პოზიციური დუელის მოგება და 17 დაკარგული ბურთი.
იხილეთ ზურიკოს საუკეთესო მომენტები „ანჟერთან“:
აღსანიშნავია, რომ ამ დროისთვის ზურიკო 5 გოლითა და 2 ასისტით ლიგა 1-ის ბომბარდირთა დავაში მესამე ადგილზეა. ამჟამად „სენტ-ეტიენი“ 7 ქულით სატურნირო ცხრილის მე-15 ადგილზეა. მომდევნო მატჩს დავითაშვილის გუნდი 3 ნოემბერს შინ „სტრასბურის“ წინააღმდეგ გამართავს.