გიორგი ჩაკვეტაძე
Aa
Aa

დრიბლინგები და მწვავე პასები - ჩაკვეტაძის კარგი თამაში და უოტფორდის გამარჯვება

ინგლისის ჩემპიონშიფის მე-12 ტურში ტომ ქლევერლის „უოტფორდმა’’ შინ „ბლექბერნს’’ 1:0 მოუგო. „უოტფორდმა'' ზედიზედ ორი მარცხის შემდეგ მოიგო, 12-დან ექვს შეხვედრაში სამი ქულა მოიპოვა, ამ ეტაპზე 19 ქულით მე-7 ადგილზეა, თუმცა მე-4 საფეხურზე მყოფ „ვესტ ბრომვიჩსაც'' ამდენივე ქულა აქვს. მოკლედ, პრემიერ ლიგის საგზურისთვის ბრძოლა რეალურია, სატურნირო ცხრილში სიმჭიდროვეა და სეზონი საკმაოდ გრძელია.

გიორგი ჩაკვეტაძემ „უოტფორდის’’ სასტარტოში შეუცვლელად ითამაშა, თანაგუნდელთა შორის ერთ-ერთი გამორჩეული იყო, შეტევა რამდენჯერმე გაამწვავა, რამდენიმე წარმატებული დრიბლინგი განახორციელა, ერთხელ საჯარიმო დარტყმა შეასრულა, თუმცა სიზუსტე დააკლდა. მეორე ტაიმის დასაწყისში მეტოქის ფეხბურთელთან ორთაბრძოლისას არბიტრმა ყვითელი ბარათი უჩვენა. ასევე, მის წინააღმდეგ თამაშის წესის დარღვევისთვის მთავარმა მსაჯმა „ბლექბერნის'' ფეხბურთელი გააფრთხილა. საერთო ჯამში ქართველმა ნახევარმცველმა კარგად ითამაშა, თუმცა ცხადია ეს არ არის მისი მაქსიმუმი.

გიორგი ჩაკვეტაძის გამორჩეული მომენტები

გიორგი ჩაკვეტაძემ ჩემპიონშიფის მიმდინარე სეზონში 12-ვე ტურში სასტარტოში ითამაშა (ტომ ქლევერლიმ ხუთ შეხვედრაში შეცვალა და მხოლოდ ორ მატჩში ათამაშა 80 წუთზე ნაკლები), მის აქტივში 1 გოლი და 2 საგოლე პასია, თუმცა რეალურად უფრო მეტი საგოლე გადაცემა ექნებოდა, თანაგუნდელებს მის მიერ შექმნილი საგოლე შანსები რომ გამოეყენებინათ.

ქლევერლის გუნდი მომდევნო ტურში „შეფილდ უენსდის'' ესტუმრება (2 ნოემბერი).

მსგავსი სიახლეები