ბუდუ ზივზივაძე
Aa
Aa

ბუდუმ 4-მატჩიანი უგოლო სერია შეწყვიტა - კარლსრუეს პირველი მარცხი

გერმანიის მეორე ბუნდესლიგის X ტური ბუდუ ზივზივაძისთვის წარმატებული, „კარლსრუესთვის“ კი წარუმატებელი აღმოჩნდა. 30 წლის ქართველმა ფორვარდმა სრულად, 90 წუთი ითამაშა და 4-მატჩიანი უგოლო სერია დაასრულა, თუმცა ამავდროულად, მისმა გუნდმა, რომელიც ამ ტურის წინ ჩემპიონატში ერთადერთი დაუმარცხებელი კლუბი იყო, პირველად წააგო და საკუთარ სტადიონზე „ჰერტასთან“ (1:3) ვერაფერი გააწყო.

შეხვედრის დასაწყისშივე მასპინძლებმა უპირატესობის მოპოვება ვერ მოახერხეს - პირიქით, სტუმრები უფრო აქტიურები იყვნენ და მე-9 წუთზე ისინი ალჟირელმა ლეგიონერმა იბრაჰიმ მაზამ დააწინაურა. მასპინძლებს ძალიან მალე წონასწორობის აღდგენის ასპროცენტიანი შანსი მიეცათ, მაგრამ „კარლსრუეს“ კაპიტანმა მიხაელ ვანიცეკმა 11-მეტრიანი ვერ გამოიყენა. სამაგიეროდ, კაპიტანმა დაშვებული შეცდომა პირველი ნახევრისთვის კომპენსირებულ დროში გამოასწორა და მისი ჩაწოდების შემდეგ ბუდუ ზივზივაძემ ბრწყინვალე თავური დარტყმით ანგარიში გაათანაბრა.

პირველის მსგავსად, მასპინძლებისთვის მეორე ტაიმის დასაწყისიც შოკისმომგვრელი გამოდგა და „ჰერტას“ კუთხურს ამ გუნდის კიდევ ერთხელ დაწინაურება მოჰყვა, როდესაც სტუმრები ნიდერლანდელმა დეიოვაისიო ზეეფუიკმა დააწინაურა. რამდენიმე წუთში კი „კარლსრუეს“ დაცვის კიდევ ერთი ჩავარდნით ფლორიან ნიდერლეხნერმა ისარგებლა კარგად და გამარჯვებულის შესახებ ყოველგვარი კითხვის ნიშნები მოხსნა.

შუა კვირაში, 29 ოქტომბერს ზივზივაძე და მისი თანაგუნდელები გერმანიის თასის გათამაშებაში სტუმრად „ოფენბახს“ შეხვდებიან, ხოლო მეორე ბუნდესლიგის მომდევნო ტურში „კარლსრუე“ 2 ნოემბერს გასვლაზე „ჰანოვერთან“ ითამაშებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ბუდუს სატრანსფერო ღირებულება გაორმაგდა | Transfermarkt-ის განახლებული მონაცემები
ბუდუს სატრანსფერო ღირებულება გაორმაგდა | Transfermarkt-ის განახლებული მონაცემები