კვარას ჯახი კონკურენტთან - ლუკაკუს განსაკუთრებული მატჩი
დღეს, იტალიის სერია A-ს IX ტურში „ნაპოლი“ საკუთარ სტადიონზე გათამაშების ერთ-ერთ აუტსაიდერსა და ბოლოსწინა ადგილზე მყოფ „ლეჩეს“ უმასპინძლებს. იქიდან გამომდინარე, რომ უკვე მომდევნო ტურიდან „მილანთან“ საგარეო დაპირისპირებით ნეაპოლელებისთვის ურთულესი შეხვედრების სერია იწყება, ამ თამაშში სამი ქულის აღება სკუდეტოსთვის ბრძოლის გაგრძელებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იქნება. სწორედ ამაზე ამახვილებს ნეაპოლური სპორტული მედია ყურადღებას, ხოლო CalcioNapoli 24-მა ტრადიციულად საინტერესო სტატისტიკურ ფაქტებს მიაგნო, რომელთა შორისაც ხვიჩა კვარაცხელიას სახელი და გვარიც ფიგურირებდა.
„ნაპოლი“ – „ლეჩეს“ მატჩში სხვადასხვა მხარეს კვარაცხელიასა და ნიკოლა კრსტოვიჩის სახით ითამაშებს ორი ისეთი ფეხბურთელი, რომელთაც საჯარიმოს გარედან გოლის გატანა ყველაზე მეტად სცადეს. ამ მხრივ პარტენოპეის ქართველი ლეგიონერი 12-ჯერ დაემუქრა მეტოქე გუნდის მეკარეს და ის ჩემპიონატში მხოლოდ კრსტოვიჩს ჩამოუვარდება - მონტენეგროელმა შორი მანძილიდან თავის გამოჩენა 15 შემთხვევაში სცადა.
დღევანდელი თამაში განსაკუთრებულია რომელუ ლუკაკუსთვისაც, რომელსაც წინა ტურში „ემპოლისთან“ საკმაოდ სუსტი შეხვედრა ჰქონდა და შელახული პრესტიჟის აღდგენას „ლეჩესთან“ შეეცდება. იმ შემთხვევაში თუ ბელგიელი ან მეტოქის კარს აიღებს, ან გატანაში თანაგუნდელს დაეხმარება, იტალიის პირველობაზე ეს მისთვის საიუბილეო, მე-100 საგოლე მოქმედება იქნება, რადგან ამ მომენტისთვის ლუკაკუს ანგარიშზე 73 გოლი და 26 საგოლე გადაცემაა.