„ყველას ვაჩვენოთ, რა არის ქართული რაგბი“ - კოკერილი ნოემბრის ტესტების წინ
საქართველოს მორაგბეთა ნაკრების ინგლისელმა მთავარმა მწვრთნელმა გუშინ, შემოდგომის სამი ტესტ-მატჩისთვის 36-კაციანი გაფართოებული შემადგენლობა გამოაქვეყნა. რიჩარდ კოკერილმა არჩევანი ძირითადად გულშემატკივრებისთვის კარგად ნაცნობ და გამოცდილ მორაგბეებზე შეაჩერა, თუმცა მის სიაში ხუთი ახალწვეულიცაა. მნიშვნელოვანი თამაშების წინ, გამოცდილმა სპეციალისტმა საქართველოს რაგბის კავშირის ოფიციალურ ვებ-გვერდს მცირე ინტერვიუ მისცა.
რიჩარდ კოკერილი
ჩვენი ბევრი მორაგბე საფრანგეთში ასპარეზობს და მათთან მუდმივ კავშირში ვარ. ასევე გვყავს „შავი ლომის“ მოთამაშეები - ყველა კარგად ემზადება საიმისოდ, რათა მნიშვნელოვან სანაკრებო მატჩებს სრულ მზადყოფნაში შეხვდეს.
27 ოქტომბრიდან სამი დღით პარიზში შევიკრიბებით და ზაფხულის ტესტების შემდეგ ყველა მორაგბე ჩემს განკარგულებაში პირველად იქნება. ამის შემდეგ უკვე მორაგბეები ისევ კლუბებს დაუბრუნდებიან და უშუალოდ ახალი ზელანდიის მაორებთან სათამაშო კვირის დასაწყისიდან უკვე გენერალური მზადება დაიწყება.
ცოტ-ცოტა ყველაფერზე უნდა ვიმუშაოთ და დერეფანში თამაში გამოვასწოროთ. ცხადია, ტრადიციულად კარგი შერკინება გვყავს, მაგრამ მუშაობა და დახვეწა ამ კომპონენტშიც გვჭირდება. ჩემს განკარგულებაშია ახალგაზრდა და გამოცდილი მორაგბეების კარგი ნაზავი, დაბალანსება კი სამუშაო პროცესის ნაწილია. კიდევ უფრო მეტად უნდა განვითარდნენ ახალგაზრდები და 2027 წლის მსოფლიოს თასისთვის სრულ მზადყოფნაში იყვნენ.
ზაფხულში ჩვენს მიერ დადებული ლელოები ძალიან მომეწონა - აკა ტაბუცაძე და დავით ნინიაშვილი განსაკუთრებული ნიჭის მქონე მორაგბეები არიან და ისინი ისეთ მომენტებს ქმნიან, რასაც სხვები ვერ ახერხებენ. სამივე თამაში მნიშვნელოვანია, მაგრამ განსაკუთრებით გვიყვარს, საქართველოში, საკუთარი გულშემატკივრის თვალწინ ასპარეზობა. ტონგელებთან მატჩი იქნება საუკეთესო შესაძლებლობა ვაჩვენოთ მსოფლიოს რა არის ქართული რაგბი და რას ნიშნავს ჩვენთან სათამაშოდ ჩამოსვლა.
შეგახსენებთ, რომ ნოემბრის პირველ ტესტ-მატჩს ბორჯღალოსნები 10 ნოემბერს მონპელიეში ახალი ზელანდიის მაორებთან გამართავენ, რასაც 17 ნოემბერს გენუაში იტალიელებთან დაპირისპირება მოყვება. ტესტების სერიას კი კოკერილის მომზადებული გუნდი 24 ნოემბერს, თბილისში, მიხეილ მესხის სტადიონზე ტონგელებთან შეხვედრით დაასრულებს.