„პანათინაიკოსის ვარიანტი ბოლო წუთებში ჩაიშალა“ - კახა შენგელია თოკოს ტრანსფერზე
გასულ ზაფხულს თორნიკე შენგელიას „ვირტუსიდან“ შესაძლო წასვლაზე ინფორმაციები სისტემატურად ვრცელდებოდა, თუმცა საბოლოოდ საქართველოს ნაკრების 33 წლის კაპიტანმა ბოლონიურ გუნდში კიდევ ერთი წლით დარჩენის გადაწყვეტილება მიიღო. რომელი გუნდები სთავაზობდნენ მას ხელსაყრელ წინადადებებს და რა ვარიანტებზე თქვა უარი, ამის შესახებ Crystalsport-თან ინტერვიუში თოკოს მამამ და ყოფილმა კალათბურთელმა კახა შენგელიამ დეტალურად ისაუბრა.
კახა შენგელია
ბუნებრივია თოკოს ჰქონდა შემოთავაზებები და მათ შორის ყველაზე რეალური „პანათინაიკოსის“ ვარიანტი იყო. ათენის კლუბის ხელმძღვანელები ბოლონიელებს სასურველ თანხასაც სთავაზობდნენ, თუმცა ბოლო მომენტში „ვირტუსმა“ ამ ყველაფერზე უარი თქვა და ბერძნებს შეუთვალა, რომ თორნიკეს არანაირი ფულის სანაცვლოდ არ დათმობდნენ.
ხელშეკრულება ბოლონიელებთან თოკოს წლევანდელი სეზონის დასრულებისთანავე უმთავრდება და თავისუფალი აგენტის სტატუსით ზაფხულში თავად გადაწყვეტს კარიერა სად განაგრძოს. „ვირტუსმა“ სეზონი ისე დაიწყო, რომ შეიძლება ცუდიც არის რომ დარჩა, მაგრამ იმედია სიტუაციის გამოსწორებას შეძლებენ. შარშან ლუკა ბანკის გუნდმა კარგად დაიწყო და ცუდად დაასრულა და იმედი მაქვს წელს ყველაფერი პირიქით მოხდება.
რაც შეეხება საქართველოს ნაკრების ასპარეზობას, არა მგონია, რომ ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ეტაპზე განცდილ წარუმატებლობაში მთავარი დამნაშავე ალექსანდერ ჯიკიჩი იყოს. უბრალოდ, ჩვენს ეროვნულ გუნდში თაობათა ცვლის პროცესი მიმდინარეობს, რაც უმტკივნეულოდ ჩვენზე გაცილებით უფრო დიდი საკალათბურთო ტრადიციების ქვეყნის ნაკრებ გუნდებშიც არ ხორციელდება.
ბუნებრივია გოგა ბითაძისა და სანდრო მამუკელაშვილის სახით არაჩვეულებრივი ახალგაზრდები გვყავს და მერწმუნეთ, რეგულაციები მათ საშუალებას რომ აძლევდეთ და ნაკრებს ყველა მატჩში ეხმარებოდნენ, გაცილებით უფრო ნაკლები პრობლემები გვექნებოდა.
შეგახსენებთ, რომ კახა შენგელია კარიერის დასრულების შემდეგაც სპორტის ამ სახეობაში საქმიანობს და ამჟამად საქართველოს კალათბურთის ფედერაციაში ქალთა კალათბურთის განყოფილების ხელმძღვანელის პოსტს იკავებს.