„ერთ-ერთი საუკეთესოა, მას მარტო მე ვერ შევაჩერებ“ - კუნდე ვინისიუსზე
„ბარსელონას“ ფრანგმა მცველმა, ჟულ კუნდემ მოახლოებულ ელ კლასიკოზე და მადრიდის „რეალის“ ერთ-ერთ ლიდერზე, ვინისიუს ჟუნიორზე ისაუბრა. კუნდემ ბრაზილიელი გარემარბის საუცხოო ფორმას გაუსვა ხაზი და მას „ოქროს ბურთის“ მოგების მთავარი პრეტენდენტი უწოდა.
რა თქვა ჟიულ კუნდემ:
ვინისიუსი „ოქროს ბურთის“ მოგების მთავარი პრეტენდენტი და ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია, თუმცა მე მასთან დაპირისპირებას გამოწვევად აღვიქვამ. ეს ერთ-ერთი მიზეზია იმისა, თუ რატომ ვთამაშობ ფეხბურთს - მომწონს საუკეთესოების წინააღმდეგ თამაში და არც უახლოესი მატჩი იქნება გამონაკლისი.
ალბათ, ვინისიუსი მთავარ საფრთხეს წარმოადგენს, მაგრამ მათ სხვა ფეხბურთელებიც ჰყავთ. „რეალს“ ჰყავს ნიჭიერი ფეხბურთელები, რომლებსაც თამაშის ბედის გადაწყვეტა შეუძლიათ.
ვინისიუსს მარტო მე ვერ შევაჩერებ, განსაკუთრებით მთელი 90 წუთის განმავლობაში. ის არ ჩერდება და გარკვეულ მომენტებში მე დახმარება აუცილებლად დამჭირდება. თუმცა ეს ნორმალურია, იმიტომ რომ ფეხბურთი სპორტის გუნდური სახეობაა. ჩემთვის გამოწვევაა, რომ მისი მეურვეობა მომიწევს, თუმცა ეს მთელი გუნდის შესასრულებელი ამოცანაა“.
ხვალ, ესპანეთის ლა ლიგის XI ტურში, სეზონის ყველაზე საინტერესო დაპირისპირება შედგება - „სანტიაგო ბერნაბეუზე“ „რეალი“ უშუალო კონკურენტსა და ყველაზე პრინციპულ მეტოქე „ბარსელონას“ უმასპინძლებს. გამარჯვების შემთხვევაში სამეფო კლუბი კატალონიელებს ქულებით გაუთანაბრდება და ერთპიროვნული ლიდერის სტატუსს ჩამოართმევს.