სეზონის პირველ კლასიკომდე - ანჩელოტის და ფლიკის კომენტარები
ხვალ, ესპანეთის ლა ლიგის XI ტურში, სეზონის ყველაზე საინტერესო დაპირისპირება შედგება - „სანტიაგო ბერნაბეუზე“ „რეალი“ უშუალო კონკურენტსა და ყველაზე პრინციპულ მეტოქე „ბარსელონას“ უმასპინძლებს. გამარჯვების შემთხვევაში სამეფო კლუბი კატალონიელებს ქულებით გაუთანაბრდება და ერთპიროვნული ლიდერის სტატუსს ჩამოართმევს.
„ელ კლასიკოს“ როგორც მადრიდელები, ასევე ბარსელონელები მშვენიერ ხასიათზე ხვდებიან, რადგან შუა კვირაში ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში შთამბეჭდავი გამარჯვებები მოიპოვეს. „ბლანკოსმა“ შინაურ კედლებში „დორტმუნდთან“ 2-ბურთიანი ჩამორჩენა აღმოფხვრა და მეტოქე 5:2 გაანადგურა, ხოლო „ბლაუგრანამ“ მისთვის ყველაზე უხერხულ მეტოქეს „ბაიერნს“ 4:1 სძლია. პრინციპულ დაპირისპირებამდე როგორც ყოველთვის საინტერესო იყო ორივე გუნდის მთავარი მწვრთნელების კომენტარები.
კარლო ანჩელოტი
„ელ კლასიკო“ არის მატჩი, სადაც ფავორიტის გამოცნობა პრაქტიკულად შეუძლებელია. რაც შეეხება ჩემს ვიზავის, ჰანს დიტერ ფლიკმა „ბარსას“ ფილოსოფია შეცვალა, თუმცა მე მის წინამორბედს, ჩავისაც ძალიან ვაფასებ, რადგან რამდენჯერმე შეძლო ჩვენი დამარცხება.
ვინისიუს ჟუნიორი არის მოკრძალებული და დისციპლინირებული ადამიანი, რომელიც „ოქროს ბურთის“ მომავალი მფლობელია. რაც შეეხება ჯუდ ბელინგემს, მისი დაბალი შედეგიანობა შარშანდელ სეზონთან შედარებით საერთოდ არ მაწუხებს, რადგან ამ ყველაფერს თავისი ობიექტური მიზეზები აქვს.
შარშან, კარიმ ბენზემას სახით გამორჩეული ბომბარდირი დავკარგეთ და მისი წასვლის შემდეგ გოლეადორობა ერთბაშად რამდენიმე მოთამაშემ, ბელინგემმა, ხოსელუმ და ბრაჰიმ დიასმა შეითავსა. წელს კი ამის საჭიროება აღარ არსებობს, რადგან კილიან მბაპეს სახით დავიმატეთ ფორვარდი, რომელსაც სეზონში 40 ბურთის გატანა შეუძლია.
ჰანს დიტერ ფლიკი
„ბაიერნთან“ მატჩში იყო მომენტები, როდესაც დაცვით ფეხბურთს ვთამაშობდით, თუმცა როდესაც ანგარიში 1:1 გახდა, შეტევაში გადავედით და ყველას ვაჩვენეთ რაც შეგვიძლია. საერთოდ არ მადარდებს ის ფაქტი, რომ „რეალს“ ჩვენთან შედარებით ერთი დღით მეტი ჰქონდა დასასვენებლად, რადგან ასეთი დონის შეხვედრებში მსგავსი დეტალები არაფერს წყვეტს.
ეს ჩემი პირველი კლასიკოა და ბუნებრივია, უზომოდ მოტივირებული ვარ. გერმანიაშიც არის „ბაიერნი“ – „დორტმუნდის“ სახით კლასიკო, მაგრამ „რეალი“ – „ბარსელონა“ მაინც სულ სხვა ისტორიის მატჩია. ოთხშაბათს, ჩემს ყოფილ გუნდთან ვაჩვენეთ ისეთი ხარისხის ფეხბურთი, რის გამოც ვშრომობთ და ვწვალობთ. იმედია გულშემატკივრებს ამჯერადაც გავახარებთ.
გარდა, სატურნირო და პრინციპული მნიშვნელობისა, „ბარსელონას“ მომავალ „ელ კლასიკოში“ დამატებითი მოტივაცია ამოძრავებს - „რეალს“ ესპანეთის ჩემპიონატში 42-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს და თუ კიდევ ერთ შეხვედრაში არ დამარცხდება, სწორედ კატალონიელთა რეკორდს გააუმჯობესებს.