ნიკოლოზ ბასილაშვილი, ალექსანდრე ბაკში, ლეილა მესხი
Aa
Aa

ლეილა მესხი: „ბაკშმა საოცრება ჩაიდინა“

სექტემბერში მზიურის საჩოგბურთო კორტებზე მექსიკის ნაკრების დამარცხებით საქართველოს ჩოგბურთელთა ეროვნულმა გუნდმა გულშემატკივარს უდიდესი სიხარული აჩუქა. მასპინძელთა წარმატება კი ძირითადად ალექსანდრე ბაკშის გასაოცრად კარგმა თამაშმა განაპირობა, რომელმაც სამივე ქულაში თავისი წვლილი შეიტანა და ორი მატჩი ერთეულთა თანრიგში მოიგო, ხოლო ერთხელ ზურა ტყემალაძესთან დუეტში აჯობა „აცტეკელებს“.

სწორედ ბაკშის წარმატებულ გამოსვლას გაუსვა ხაზი ლეგენდარულმა ქართველმა ჩოგბურთელმა ლეილა მესხმა Crystalsport-ისთვის მიცემულ ინტერვიუში.

რა თქვა მესხმა

სიხარულით მინდა აღვნიშნო, რომ კორტებზე ვიმყოფებოდი და ადგილზე დავესწარი ამ თამაშს, სადაც ალექსანდრე ბაკშის ასპარეზობით აღფრთოვანებული დავრჩი. ერთეულებში აკამ საოცარი შთაბეჭდილება დატოვა, თუმცა სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ წყვილების მატჩში ტყემალაძეც არაჩვეულებრივი იყო.

ზუსტი პასუხი არ მაქვს, რამ განაპირობა საბა ფურცელაძის წარუმატებლობა, რომელიც ფავორიტად ითვლებოდა, რადგან ამ ბიჭის თამაში აქამდე ნანახი არ მქონდა. უბრალოდ, არის ჩოგბურთელის კარიერაში დღეები, როდესაც თამაში არ მიგდის და ალბათ მის შემთხვევაშიც ასე მოხდა.

რატომ არ იყო ნიკოლოზ ბასილაშვილი ახლა, ან წარსულში ნაკრებთან ერთად, ამაზე პასუხი არ მაქვს, რადგან ეს თავად ნიკოლოზის და ფედერაციის საქმეა, რაშიც ვერ ჩავერევი. ისეთი შემთხვევაა, რომ საკუთარი აზრი რომ გამოვთქვა, ჩემი მხრიდან ესეც არაკორექტული იქნება.

ქართულ ჩოგბურთს ბოლო პერიოდში მაინცდამაინც კარგი დროება არ უდგას, მაგრამ დევისის თასზე მექსიკელებთან გამარჯვებამ ის სიხარული და რწმენა დაგვიბრუნა, რასაც რამდენიმე წლის წინ ბასილაშვილი საკუთარი კარგი ასპარეზობით გვანიჭებდა. გამოსავალი ალბათ მასობრიობის გაზრდაშია, რაც სამწუხაროდ ჯერჯერობით არ ხდება, თუმცა მცდელობები ნამდვილად არის.

ლეილა მესხს კარიერის მანძილზე დიდი მუზარადის ტურნირებს შორის საუკეთესო შედეგი 1990 წლის ამერიკის ღია პირველობაზე აქვს ნაჩვენები, როდესაც მეოთხედფინალში გავიდა. 1992 წლის ბარსელონას ოლიმპიურ თამაშებზე კი წყვილებში ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მექსიკა დამარცხებულია - ქართველი ჩოგბურთელების წარმატება
მექსიკა დამარცხებულია - ქართველი ჩოგბურთელების წარმატება