„თუ ჰოლოუეის ყბა გაუძლებს...“ - ვოლკანოვსკის პროგნოზი ილია VS მაქსზე
ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის ყოფილმა ჩემპიონმა, ალექსანდერ ვოლკანოვსკიმ ამავე დივიზიონის სატიტულო ჩხუბთან დაკავშირებით საკუთარი პროგნოზი გააკეთა. „ვოლკი“ ამბობს, რომ ილია თოფურიასა და მაქს ჰოლოუეის დაპირისპირების პირველი ორი რაუნდი თანაბარი იქნება, თუმცა შემდეგ ჰოლოუეი გამოცდილების ხარჯზე გაიმარჯვებს.
რა თქვა ვოლკანოვსკიმ:
„დიდებული ჩხუბი იქნება. ორი შესანიშნავი მებრძოლი იჩხუბებს და, ჩემი აზრით, პირველი ორი რაუნდი ძალიან თანაბარი იქნება. თუმცა, ვფიქრობ, მაქსის გამოცდილება გადამწყვეტი ფაქტორი იქნება, ეს მესამე რაუნდიდან სულ უფრო შესამჩნევი გახდება. თუ მაქსი შეძლებს თავისი კარდიოს გამოყენებას და თუ მისი ყბა გაუძლებს... ვიცით, რომ ილიას ძალიან ძლიერი დარტყმა აქვს, მაგრამ მაქსი კარგად იცავს თავს. საერთო ჯამში, ვფიქრობ, გამოცდილება მაქსს გამარჯვებას მოუტანს“.
აღსანიშნავია, რომ ილია თოფურიამ ჩემპიონის ტიტული სწორედ ვოლკანოვსკისთან ბრძოლაში მოიპოვა, როდესაც ის UFC 298-ზე მეორე რაუნდში დაანოკაუტა. ასევე გეტყვით, რომ ვოლკანოვსკი მაქს ჰოლოუეის სამჯერ ეჩხუბა და სამივე ბრძოლა გამარჯვებით დაასრულა.
შეგახსენებთ, რომ ილია მომდევნო ორთაბრძოლას UFC 308-ზე გამართავს და მაქს ჰოლოუეის წინააღმდეგ საჩემპიონო ქამრის დაცვას შეეცდება. ღონისძიება 26 ოქტომბერს არის ჩანიშნული, ილიასა და მაქსის ჩხუბი კი 27-ში, თბილისის დროით, დაახლოებით 01:00-ზე დაიწყება.