„როდესაც დაღესტნელებს პირადად შეხვდები, სილა მოგხვდება“ - მუჰამედი თოფურიას მიმართავს
UFC-ის ქვესაშუალო წონითი დივიზიონის ჩემპიონმა, ბელალ მუჰამედმა ილია თოფურიაზე ისაუბრა. როგორც მუჰამედი YouTube-ზე გამოქვეყნებულ ვიდეოში ამბობს, თოფურია სუსტი „თრეშ თოქერია“.
მისივე თქმით, ილიამ დაღესტნელ მებრძოლებზე ცუდად არ უნდა ისაუბროს, იმიტომ რომ ისინი შეურაცხყოფას არავის პატიობენ.
„მგონი, მას ნაპოლეონის სინდრომი აქვს. თოფურიამ ჰოლოუეიზე უნდა იფიქროს. დაღესტნელებს შეურაცხყოფა არ უნდა მიაყენო, იმიტომ რომ როდესაც პირადად შეხვდები, სილა მოგხვდება. ასეთ რაღაცებს მარტივად არ ატარებენ, „თრეშ თოქი“ არ უყვართ, მათთვის ეს რეალური ცხოვრებაა. თუმცა ილია ცდილობს, დაარწმუნოს თავისი გულშემატკივრები, რომ „თრეშ თოქერია“ და ცუდი ბიჭია. ის „თრეშ თოქში“ სუსტია, ხოლო როდესაც მე მიტევს, სასაცილოდ გამოიყურება“.
ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ მუჰამედმა თოფურიას დასცინა. ბელალმა X-ის საკუთარ გვერდზე პოსტი გამოაქვეყნა და „ელ მატადორი“ ცნობილი ანიმაციური ფილმის, შრეკის ერთ-ერთ პერსონაჟს, ლორდ ფარქუადს შეადარა.
შეგახსენებთ, რომ ილია მომდევნო ორთაბრძოლას UFC 308-ზე გამართავს და მაქს ჰოლოუეის წინააღმდეგ საჩემპიონო ქამრის დაცვას შეეცდება. ღონისძიება 26 ოქტომბერს არის ჩანიშნული, ილიასა და მაქსის ჩხუბი კი 27-ში, თბილისის დროით, დაახლოებით 01:00-ზე დაიწყება.