„ლივერპულს შეუძლია, მამარდა ისევ გაანათხოვროს“ - ბრიტანელი ჟურნალისტი
ჩემპიონთა ლიგაზე „ლივერპულის“ მეკარის, კაოიმჰინ კელეჰერის დამაჯერებელმა თამაშმა მორიგ ჯერზე გააქტიურა საუბრები არნე სლოტის წინაშე არსებულ „სასიამოვნო პრობლემაზე“, რომელიც ალისონსა და კელეჰერს შორის არჩევანის გაკეთებას და ზაფხულში „ენფილდზე“ გიორგი მამარდაშვილის გადაბარგებას უკავშირდება.
ცნობილია, რომ 26 წლის კელეჰერმა ზაფხულში „ლივერპულის“ დატოვების სურვილი გამოთქვა, თუმცა „წითლებმა“ „ნოტინგემის“ წინადადებას უარით უპასუხეს და კელეჰერი „ლივერპულში“ დარჩა. შესაბამისად, შემდეგ სეზონში „ენფილდზე“ მამარდაშვილის გადაბარგების გათვალისწინებით, სავარაუდოდ, კელეჰერი კვლავ მოითხოვს სხვა კლუბში გადასვლას.
YouTube-არხ Anfield Agenda-სთან ინტერვიუში ბრიტანელმა ჟურნალისტმა, დევიდ ლინჩმა განაცხადა, რომ ძალიან გაუკვირდება, თუ კელეჰერი შემდეგ სეზონშიც „ლივერპულში“ დარჩება.
რა თქვა ლინჩმა:
„ვფიქრობ, კელეჰერი წავა. ის ისეთ დონეზე თამაშობს, რომ მოიძებნება არაერთი კლუბი, რომელიც კელეჰერის სანაცვლოდ „ლივერპულს“ 25 მილიონს გადაუხდის.
„ლივერპულს“ მეკარის პოზიციასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ექნება მისაღები. კლუბში ფიქრობენ, რომ კელეჰერი წავა, მაგრამ თუ ალისონი საუდის არაბეთში წასვლას არ მოისურვებს, მათ ასევე შეუძლიათ, მამარდაშვილი ისევ გაანათხოვრონ. ასევე მათ შეუძლიათ, შეინარჩუნონ ალისონი კიდევ ერთი წლით, ხოლო მამარდაშვილი სადებიუტო სეზონში სათადარიგო როლს დასჯერდეს და აკლიმატიზაციის პროცესი გაიაროს. კლუბი არც ასეთ ვარიანტს გამორიცხავს“.
შეგახსენებთ, რომ ზაფხულში გიორგი მამარდაშვილის სანაცვლოდ „ლივერპულმა“ 35 მილიონი ევრო გადაიხადა და ქართველი მეკარე „ვალენსიაში“ ერთწლიანი იჯარით დატოვა.