აპელაცია უარყოფილია - სენ-ჟერმენი სასამართლოსთვის ემზადება
კილიან მბაპესა და „პარი სენ-ჟერმენს“ შორის უთანხმოება სასამართლო დავაში გადაიზრდება - ამის თქმა უკვე დანამდვილებით შეიძლება. საქმე ეხება 55 მილიონ ევროს, რომელიც ახლა უკვე მადრიდის „რეალის“ ფორვარდს თავისი ყოფილი კლუბისგან ბონუსის სახით უნდა მიეღო, თუმცა არაფერი მიუღია და ვერც მიიღებს, თუ ყოველივე ეს პსჟ-ს სასამართლომ არ აიძულა.
მბაპეს მოთხოვნების წამოყენების შემდეგ, პარიზულმა კლუბმა მაშინვე საფრანგეთის ლიგა 1-ის სააპელაციო კომიტეტს მიმართა, თუმცა „სენ-ჟერმენის“ პროტესტი არ დაკმაყოფილდა, რის გამოც ნასერ ელ-ხელაიფმა კლუბის იურისტებს სასამართლო დავისთვის სათანადო დოკუმენტების მომზადება დაავალა. ამ ყველაფერთან ერთად კი, პარიზელებმა საკუთარ ვებ-გვერდზე ოფიციალური განცხადება გაავრცელეს, სადაც წერია, რომ თუ ფეხბურთელი გონს არ მოეგება და აბსურდულ მოთხოვნებს თავს არ დაანებებს, ისინი საკუთარი ფინანსების დასაცავად ბოლომდე იბრძოლებენ და შესაძლოა კონტრაქტში ჩადებული პუნქტების შეუსრულებლობისთვის აქეთ უჩივლონ.
მბაპე პსჟ-ში 2018-2024 წლებში ასპარეზობდა და 6-ჯერ საფრანგეთის ჩემპიონატი, 4-ჯერ საფრანგეთის თასი და 2-ჯერ ქვეყნის ლიგის თასი მოიგო. საერთო ჯამში კლუბის რიგებში ყველა ტურნირზე გამართულ 308 შეხვედრაში თავი 256 გოლით გამოიჩინა.