„მიქაუტაძე არ აჩვენებს ისეთ თამაშს, როგორიც...“ - რას წერს ფრანგული მედია
დიდი უპირატესობის მიუხედავად, „ლიონი“ ევროპა ლიგის მე-3 ტურში, „ბეშიქთაშთან“დაძაბულ ბრძოლაში 0:1 დამარცხდა.
ფრანგული გამოცემა Foot01 მატჩზე, კლუბში არსებულ ვითარებაზე წერს და ასევე ქართველი თავდამსხმელის, გიორგი მიქაუტაძის თამაშს აფასებს:
„ფაქტია, პიერ საჟს არ უნდა, ვინმე ღიად გააკრიტიკოს, მაგრამ აშკარაა, რომ ალექსანდრ ლაკაზეტი და გიორგი მიქაუტაძე არ აჩვენებენ ისეთ თამაშს, როგორიც ასეთი დონის მოთამაშეებისგან არის მოსალოდნელი“.
„ლაკაზეტმა ამ სეზონზე 3 გოლი გაიტანა, მიქაუტაძემ კი არც ერთი, რაც პრობლემას წარმოადგენს ისეთი მოთამაშისთვის, რომელიც 18,5 მილიონ ევროდ შეიძინეს. ამრიგად, პრობლემა ნამდვილად არსებობს და „ლიონი“ ამის დამალვას ვეღარ შეძლებს“.
„ამ მაცხის შემდეგ, რომელმაც „ლიოინი“ მე-10 ადგილზე გადაისროლა, ფრანგმა ჟურნალისტმა, დანიელ რიოლომ აღიარა, რომ მას „ლიონის“ 2 თავდამსხმელი აშფოთებს. „წარუმატებელი თამაშები იმას ნიშნავს, რომ რაღაც ისე არ წავიდა. „ლიონს“ ფორვარდებთან დაკავშირებით პრობლემები, რისგანაც ვერ გაიქცევა. პიერ საჟმა ბევრი პრობლემა გადაწყვიტა და მოუწევს, ესეც მოაგვაროს“, - თქვა ჟურნალისტმა“.
„ახლა „ლიონის“ მწვრთნელს შეუძლია მოუთმენლად დაელოდოს თავისი გუნდის შემდეგ მატჩს, რომელიც კვირას, „ოსერის“ წინააღმდეგ გაიმართება. იმედია, ამ დროისთვის მისი თავდამსხმელები ეფექტიანობას დაიბრუნებენ. თუმცა, ფაქტია, რომ ლაკაზეტი და მიქაუტაძე მოლოდინს ვერ ამართლებენ“.
გიორგი მიქაუტაძე „ბეშიქთაშთან“ თამაშში, 79-ე წუთზე ჩაერთო და მას მომენტი არ შეჰქმნია.
შეგახსენებთ, რომ ქართველი ფეხბურთელი „ლიონში“ ივლისში გადავიდა. მას კლუბთან კონტრაქტი 2028 წლამდე აკავშირებს.
ასევე გეტყვით, რომ მიქაუტაძემ 2023/24 წლების სეზონი „მეცში“ დაიწყო, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე რამდენიმე საათით ადრე კი „აიაქსში“ გადავიდა. ამსტერდამულ კლუბში მან თავი ვერ გამოიჩინა და „მეცმა“ მისი კონტრაქტი 13 მილიონ ევროდ გამოისყიდა.