ქოჩორაშვილის კარგი მატჩი და ლევანტეს მნიშვნელოვანი 3 ქულა
ლა ლიგა 2-ის მე-11 ტურში გიორგი ქოჩორაშვილის „ლევანტემ“ „დეპორტივოს“ უმასპინძლა და 2:1 დაამარცხა.
ვალენსიური კლუბი საკუთარ კედლებში უპირატესობას პირველივე წუთებიდანვე დაეუფლა და ანგარიშიც მალევე გახსნეს. მე-7 წუთზე ივან რომერომ თავისი გუნდი დააწინაურა. 27-ე წუთზე კი დუბლი შეასრულა და სოლიდური უპირატესობაც მიიღეს.
მეორე ტაიმში „დეპორტივომ“ სწრაფი გოლის გატანა ვერ შეძლო. მასპინძლები დაცვაში დამაჯერებლად იდგნენ, თუმცა 89-ე წუთზე ივან ბარბერო გაეპარათ, რომელმაც უკანა ძელი ჩაკეტა და ანგარიშში სხვაობა მინიმუმამდე შეამცირა, თუმცა სულ ეს იყო.
რაც შეეხება ქოჩორაშვილს, ქართველი ნახევარმცველი რა თქმა უნდა სასტარტოში იყო და 90 წუთიც ითამაშა. ტრადიციულად ორთაბრძოლებს იგებდა და ნახევარდაცვის ცენტრს აკონტროლებდა. 66-ე წუთზე გატანაც შეეძლო, როცა თავისივე დაწყებულ შეტევას საჯარიმოში შეჰყვა, თუმცა მიზანს მცირედით ააცილა. საბოლოოდ „ქოჩორამ" შეფასების სახით 7.5 მიიღო, რაც თავის გუნდში მეორე საუკეთესო შედეგი იყო. მხოლოდ დუბლის ავტორ რომეროს ჩამორჩა.
ამრიგად, 11 ტურის შემდეგ, „ლევანტემ“ უმნიშვნელოვანესი 3 ქულა მოიპოვა და სატურნირო ცხრილში 18 ქულით მე-4 ადგილზე აღზევდა. ვალენსიელები მეორეადგილოსან „სარაგოსას“ მხოლოდ 1 ქულით ჩამორჩებიან, ლიდერ „რასინგს“ კი 8 ქულით.