ხვალ ნეაპოლში ჩავა | მამუკა ჯუღელი ნაპოლის ხელმძღვანელებს შეხვდება
ხვიჩა კვარაცხელიას კონტრაქტის გახანგრძლივების საკითხი კვლავინდებურად აქტუალური თემაა. „ნაპოლი“ და ქართველი ფეხბურთელის წარმომადგენლები საერთო ენას ვერ პოულობენ და ახლახან, დაიწერა ისიც, რომ „კვარა“ ორი კლუბის რადარზე მოექცა.
კვარაცხელიას „მანჩესტერ იუნაიტედი“ და „პარი სენ-ჟერმენი“ აკვირდებიან, მაგრამ „პარტენოპეის“ მისი გაშვების პერსპექტივა დიდად არ ხიბლავს. „ნაპოლის“ ოფიციალური რადიოს, Kiss Kiss Napoli-ის ინფორმაციით, ხვალ, ხვიჩას აგენტი, მამუკა ჯუღელი ნეაპოლში ჩავა და კლუბის ხელმძღვანელებს შეხვდება.
„ხვალ, მამუკა ჯუღელი ნეაპოლში იქნება და პარტენოპეისთან კვარაცხელიას კონტრაქტის გახანგრძლივების საკითხს განიხილავს. ქართველი ფეხბურთელის აგენტი ნეაპოლში 4 დღითი დარჩება“, - აცხადებს Kiss Kiss Napoli-ი.
ცნობისთვის, მხარეები ხელფასზე ვერ თანხმდებიან. „პარტენოპეიმ“ ქართველ ფეხბურთელს წლიური 5 მილიონი ევრო შესთავაზა, მაგრამ „კვარას“ 8-9 მილიონის მიღება სურს. ხვიჩას კლუბთან კონტრაქტი 2027 წლის ზაფხულამდე აკავშირებს და Transfermarkt-ზე მისი ღირებულება 80 მილიონი ევროა.