შრომისმოყვარე და თავმდაბალი - გულიაშვილს ყოფილი მწვრთნელი ახასიათებს
ბოლო პერიოდში თითქმის ყოველი სანაკრებო ფანჯრის დროს, საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული გუნდის მთავარი მწვრთნელი ვილი სანიოლი მინიმუმ ერთ დებიუტანტს მაინც აძლევს თავის გამოჩენის საშუალებას და გამონაკლისი არც ოქტომბერი ყოფილა. „ჯვაროსნების“ ფრანგმა დამრიგებელმა გიორგი გულიაშვილს უხმო, რომელიც ამჟამად 9 გოლით „სარაევოს“ წამყვანი ფეხბურთელი და ბოსნიის ჩემპიონატის ბომბარდირთა დავის ლიდერია.
გულიაშვილი „იბერიას“ აკადემიის აღზრდილია და სანამ კარიერის საზღვარგარეთ გაგრძელებას გადაწყვეტდა, თითქმის ოთხი წლის განმავლობაში თბილისური კლუბის წამყვანი ფეხბურთელი გახლდათ. Crystalbet ეროვნულ ლიგაში მის ბოლო სეზონში თემურ შალამბერიძის ხელმძღვანელობით თამაშობდა და გულიაშვილთან დაკავშირებით კომენტარის გასაკეთებლად Crystalsport-მა სწორედ შალამბერიძეს მიმართა, რომელმაც ყოფილი შეგირდის მიმართ კომპლიმენტები არ დაიშურა.
რა თქვა შალამბერიძემ
გიორგი ყოველთვის საოცრად შრომისმოყვარე და თავმდაბალი ადამიანია და გარდა ფეხბურთის უზომო სიყვარულისა, მსგავს წარმატებას სწორედ ამ თვისებების ხარჯზე მიაღწია.
მისი მთავარი პლუსი გახლავთ ის, რომ მუდამ მეტოქის კარზეა ორიენტირებული, გააჩნია არაჩვეულებრივი საგოლე ალღო და სულ იმას ცდილობს, დასარტყმელად კარგი მომენტი შეიქმნას. ვფიქრობ, რომ საშუალო ევროპული დონის კლუბში უმაღლეს დონეზე ასპარეზობა უკვე შეუძლია და წარმატებებს ვუსურვებ.
ძალიან გამიხარდა, როდესაც მისი ეროვნულ ნაკრებში გამოძახების ამბავი შევიტყვე. კარგი იქნებოდა, რამდენიმე წუთი მისცემოდა, მაგრამ ვილი სანიოლმა როგორც ჩანს მტკიცედ გადაწყვიტა სექტემბრის წარმატებულ შემადგენლობაში მინიმალური კორექტივები შეეტანა, თუმცა მგონია, რომ ის გულიაშვილს მომავალშიც გამოუცხადებს ნდობას და აუცილებლად ათამაშებს.
შეგახსენებთ, რომ თემურ შალამბერიძე „იბერიას“ მთავარ გუნდს რამდენიმე თვის განმავლობაში ამზადებდა და 2020 წელს, მისი მწვრთნელობის პერიოდში დედაქალაქელებმა ქვეყნის სუპერთასის ტიტული პირველად მოიგეს, ამჟამად კი ის „იბერიას“ აკადემიის ხელმძღვანელის პოსტს იკავებს.