ლუკა ლაცაბიძე, მათე საური, ლექსო ფეიქრიშვილი
Aa Aa

ვალვერდეს სტილის ტოპ ტალანტი - ფეიქრიშვილი კარიერის უცნობ ამბებზე

ლექსო ფეიქრიშვილი - 18 წლის ტალანტი დიდი ფეხბურთელის პერსპექტივით და სტუდენტური ცხოვრებით, სწავლისა და განვითარების მუდმივი წყურვილით, ახლა ჩრდილშია, მაგრამ პროცესშია დიდი აფეთქების წინ.

ლექსო ფეიქრიშვილი რიგით მეოთხე ქართველია, ვინც The Guardian-მა მსოფლიოს ტოპ ტალანტებში შეიყვანა. სიაში, რომელსაც ავტორიტეტული გამოცემა 2018 წლიდან აქვეყნებს, სულ 5 ქართველი მოხვდა: ხვიჩა კვარაცხელია, ზურიკო დავითაშვილი (2018), ლუკა პარკაძე (2022), ლექსო ფეიქრიშვილი (2023) და ვახო სალია (2024).

„ამ აღირებამ ჩემი თავდაჯერება ცოტათი გაზარდა, თუმცა ასევე დამაფიქრა, რომ უფრო მეტი უნდა გავაკეთო, არ უნდა გავჩერდე, ჩემი თამაში უნდა განვავითარო’’ - აღნიშნავს ლექსო CrystalSport-თან ვრცელ ინტერვიუში, კარიერასა და კარიერის მიღმა ცხოვრების უცნობ და საინტერესო დეტალებზე საუბრობს, განვითარების პროცესის მნიშვნელოვან მომენტებს გვიმხელს და ეს მისი პირველი ვრცელი ინტერვიუა, რომელიც ლექსოს კარგად გაგაცნობთ.

ლექსოს პირველი აფეთქება

2023 წელს, დარასელიას თასზე ლექსო ტურნირის ბომბარდირი და საუკეთესო ფეხბურთელი გახდა, ფინალში „სევილიასთან’’ გამარჯვების გოლი გაიტანა. ფეიქრიშვილი-სამუშიას დუეტმა შთამბეჭდავად ითამაშა.

„სკაუტები, მენეჯერები... ყოველთვის ვამბობ, რომ თუ კონკრეტული მენეჯერი ჩემს დასაკვირვებლადაა მოსული, ეს არ მითხრან, მინდა თამაშში მაქსიმალურად ჩართული ვიყო და სხვაზე არაფერზე ვიფიქრო. ზოგჯერ, უკრაინაში ჩვენს თამაშზე ქომაგზე მეტი მენეჯერია ხოლმე, მაგრამ მე მე მხოლოდ თამაშზე ვფიქრობ’’.

ლექსოს გოლები დარასელიას თასზე, ვიდეო ფინალში „სევილიასთან'' გატანილი გამარჯვების გოლით სრულდება

„როგორ ვმუშაობ ჩემი თავის მენტალურ განვითარებაზე?

ჩემი საყვარელი წიგნია ბრაიან თრეისის „შეჭამე ბაყაყი.’’ როცა ცხოვრებაში კარგი პერიოდი არ მაქვს, მივუბრუნდები ხოლმე. ცოტა უცნაური სათაურია, მაგრამ იდეა ის არის, რომ ბაყაყის ჭამა არავის უნდა, მაგრამ ჯერ რთული სამუშაო შეასრულე და შემდეგ დაისვენე. დღეში თუ სამი სამუშაო უნდა შეასრულო, ჯერ ეგ სამი სამუშაო გააკეთე და მერე დაისვენე. ჯერ დაისვენო და მერე გააკეთებ? მერე დაგეზარება.

მენტალიტეტზე მუშაობაა საჭირო. ზოგი ამბობს, საღამოს ათ საათზე დავიძინებ და 12 საათზე იძინებს, შენს თავს ეუბნები, მოდი ამას არ შევჭამ და მაინც ჭამ. მოდი, დღეს წიგნს წავიკითხავ და მერე მიდიხარ და ტელეფონით თამაშობ, აი ეს პატარა წაგებები კონტრპროდუქტიულია, განვითარებას აფერხებს.

პატარა მოგებები რომ მიუმატო შენს თავს... თქვა რომ დღეს 10 საათზე ვიძინებ და 10 საათზე დაიძინო, ამას არ ვჭამ და მართლა არ მიირთვა, შემდეგ თამაში მოდის და იაზრებ, რომ მენტალურად ყველაფერი გავაკეთე... შანსი არაა, ვინმემ როგორ უნდა მაჯობოს? ჩემი თავის საუკეთესო ვერსია ვარ. ასეთ დეტალებზე დიდი ხანი მიმუშავია, ხანდახან არ გამომსვლია, მაგრამ ახლა ყველაფერი ისე დაბალანსებული მაქვს, რომ მენტალურადაც და ფიზიკურადაც ყველაფერი ძალიან კარგად მიდის.

ზოგი ამბობს, რომ წარმატების განმაპირობებელი 90 პროცენტით მენტალობაა, 10 პროცენტით - მუშაობა, მაგრამ მე ვამბობ, რომ 100 პროცენტით მენტალობაა.

ზოგჯერ სპორტსმენი (ფეხბურთში, კალათბურთსა თუ MMA-ში) ფიზიკურად 110 პროცენტით მზადაა, მაგრამ მენტალურად მხოლოდ 10 პროცენტით... და ყველაფერს აგებს.

ყოველთვის მინდა მოედანზე დასამახსოვრებელი ეპიზოდები შევქმნა,  ხალხმა შთამბეჭდავი მომენტებით, არაორდინალური მოქმედებებით დამიმახსოვროს. შესაძლოა, გოლი არ გავიტანო, რაც ყველაზე მეტად მიყვარს, მაგრამ დრიბლინგზე წავიდე, როგორც „ზორიასთან’’ (U19) იყო. მწვრთნელი მეძახდა, პასი მიეციო, მაგრამ თამაშში ისე ვიყავი ჩართული, რომ ვერ გავიგე. მატჩის შემდეგ მწვრთნელმა მითხრა: „კიდევ კარგი პასი არ გააკეთე. რა მაგრად ითამაშე’’.

შესაძლოა, ზოგჯერ მოედანზე სარისკო გადაწყვეტილებები მიიღო ან შეცდომები დაუშვა, მაგრამ თუ შეტევაში ეფექტიანი იყავი, არაორდინალურად ითამაშე, ძალიან მაგრად ფასობს.

გოლი, პასი თუ დრიბლინგი? ყველაზე დიდ სიამოვნებას გოლის გატანა მანიჭებს. ამ სეზონში 4 გოლი გავიტანე, მაგრამ მინდა უფრო მეტი შევაგდო. ვალერი გაგუა მეორე ფორვარდად მათამაშებდა ხოლმე, მაგრამ ჩემთვის 6 ნომერზე თამაში უფრო კომფორტულია. მეორე მხრივ, არ მინდა ჩემი პოზიცია დავტოვო, თუ ჩემს პოზიციას (6 ნომერს) დავტოვებ, სწორი არ იქნება, მონასტერი აირევა. თუ მწვრთნელი რვიანზე ან ათიანზე გადამიყვანს, მაშინ უფრო თამამად შემიძლია შეტევაში წასვლა.

კიევის „დინამოში’’ ვალვერდეს მადარებენ, ყველა ამას მეუბნება. მსგავსი აღნაგობა და სათამაშო სტილი გაქვსო. ცხადია, მე ვერ ვთამაშობ ისე, როგორც ვალვერდე, მაგრამ მის თამაშს ხშირად ვაკვირდები და ვცდილობ რაღაც დეტალები გადმოვიღო.

მაგალითად „ატლეტიკოსთან’’ ვალვერდე საუკეთესო იყო. ვფიქრობ, ამ ეტაპზე ანჩელოტისთვის მთავარი ფეხბურთელია. მბაპე, ვინისიუსი, როდრიგო და სხვები ჰყავს, მაგრამ 100 პროცენტით დარწმუნებული ვარ, რომ გუნდის ხერხემალი ვალვერდეა.

ადრე ტიაგო ალკანტარა მიყვარდა, ახლა ყველაზე მეტად როდრი მომწონს, შეტევას ძალიან მაგრად აორგანიზებს. სამწუხაროდ, ტრავმა მიიღო, მთელი სეზონი გაუცდება, ყოველ კვირა მის თამაშს ვუყურებდი ხოლმე, სად მოძრაობდა, როგორ მოძრაობდა, რა გადაწყვეტილებებს იღებდა, მის თამაშს ვაკვირდებოდი, რომ შემდეგ მოედანზე გადამეტანა. სამწუხაროდ, ახლა როდრის ტრავმა აქვს, არაუშავს, ვინმე სხვას აღმოვაჩენ.

ტიაგოს ახასიათებდა არაორდინალური მოქმედებები, რაც ასევე აქვს კვარას. ეს არის ის, რაც ხალხს აღაფრთოვანებს და ეს არის ის, რისთვისაც ჩემთვის ფეხბურთელი ფასობს. კიევის „დინამოში’’ ასეთი მოთამაშეები იარმოლა (ანდრეი იარმოლენკო) და მიკოლა შაპარენკო არიან, 19-წლამდელებში - კირილო ოსიპენკო, „ათიანია’’.

„დინამოს’’ აკადემიაში 9 წლის ასაკში გადავედი, ბაზაზე ცხოვრება 12 წლიდან შეიძლება. ამიტომ, დაახლოებით 2 წელი ბებია რუსთავიდან თბილისამდე მატარებდა. ახლა ბებო ძალიან ამაყია ჩემით.

დედა დამეხმარა გამეაზრებინა, რომ სწავლა საჭირო და აუცილებელია. დღეს რომ ინგლისურად ვსაუბრობ, ეს დედას დამსახურებაა, ბავშვობაში მაძალებდა, ისწავლე, გამოგადგებაო. ახლა ინგლისურზე მაგრად ვერაფერს ვიყენებ, აქ ჩემი საკომუნიკაციო ენა ინგლისურია.

მამამ მასწავლა ყველაფერი, რაც ვიცი და რასაც წარმოვადგენ, ფეხბურთში თუ ფეხბურთს მიღმა. როგორც ორგანიზმს სჭირდება ვარჯიში, ასევე - ტვინს. მეტიც, მამა მეუბნება ხოლმე, რომ ტვინს უფრო მეტი ვარჯიში სჭირდება.

დედა მირეკავს და მეუბნება, შენ ჩვენი ოჯახის გული ხარო. ვიდეოს მიგზავნიან, როგორ უყურებს მთელი ოჯახი უკრაინის 19-წლამდე ჩემპიონატს. დედა მეუბნება, შენ რომ დიდ სტადიონზე გაირბინო, რა იქნებაო... დედა დროის ამბავია, ცოტა ხანში გპირდები ასეც იქნება-მეთქი’’.

გასულ ზაფხულში, თბილისის „დინამოდან’’ კიევის „დინამოში’’ გადავიდა, თუმცა ისე წავიდა, პირველ გუნდში არ უთამაშია.

„ასე ვიტყვი: ღმერთს უფრო კარგი გზა ჰქონდა არჩეული.

„დინამოს’’ აკადემიამ აღმზარდა, ყველაფერი მომცა და მხოლოდ დადებითი ემოციები დამიტოვა. მინდა, ყოველთვის პირველ ადგილზე ვხედავდე. არ მგონია, რომ ჩემი და „დინამოს’’ ურთიერთობა ამით დასრულდება...’’.

„მე შენ მახსოვხარ’’ - მეუბნებოდნენ ბიჭები, როცა კიევის „დინამოში’’ (U19) ჩამოვედი და მაჩვენებდნენ ჩემთან ერთად გადაღებულ ფოტოებს, მათთან ვილნიუსის თასზე ვითამაშე, ბიჭებს ვახსოვდი.

ბაზაზე ვცხოვრობ, ყველაზე უსაფრთხო ადგილა, ყველაფერი უმაღლეს დონეზეა, აქ პირველი გუნდის ფეხბურთელებიც კი ცხოვრობენ.

სლავა სურკისი პირველი იყო, ვინც მოვიდა და მითხრა: „მოდი, გარეთ გავიდეთ, არ გინდა ამდენი ხანი ბაზაზე ყოფნა’’. ის ჩვენი გუნდის მეკარეა. თავისუფალ დროს მასთან FIFA-ს ვთამაშობ ხოლმე. ასევე, პენალტებში ვეჯიბრები. წარმოიდგინე, ამ სეზონში სამი პენალტი დაგვიდეს და სლავამ სამივე აიღო, ამ კომპონენტში ძალიან მაგარია. ასევე, ფედე კოლომიეცი, რომელიც ყველაფერში მეხმარება, სულ ერთად ვართ, თამაშამდე, თამაშის მერე...

შაბათ-კვირას თავისუფალ დროს ქალაქში გასვლა მინდა ხოლმე, მაგრამ ისეთი დაღლილი ვარ.... ეკლესიაა ახლოს და ეკლესიაში მივდივარ ხოლმე, სანთელს დავანთებ და რაც გულში მაქვს, ღმერთს ვეუბნები.

მეგობრებთან ერთად ქალაქში ორჯერ გავედი, „ფიფა’’ ვითამაშეთ. პირველი გუნდის ფეხბურთელებთან Counter-Strike-ს ვთამაშობთ ხოლმე, მაგრამ მსგავსი რაღაცები იშვიათად ხდება, ძირითადად დროს ვარჯიშებსა და სწავლას ვუთმობ, ვარჯიშის შემდეგ უნივერსიტეტის ლექციებს ონლაინ ვესწრები და ასევე უკრაინულს ვსწავლობ.

„UEFA-ს ახალგაზრდული ლიგისთვის მაგარი გუნდი უნდა გავაკეთოთ’’ - მითხრეს როცა ზაფხულში კიევში ჩამოვედი.

ლექსო ფეიქრიშვილის გოლი UEFA-ს ახალგაზრდულ ლიგაზე „მარიბორთან''

19-წლამდე გუნდში ლეგიონერი მხოლოდ მე ვარ, ყველამ ძალიან თბილად მიმიღო...  იგორ კასტიუკიდან (მთავარი მწვრთნელი)  დაწყებული სამზარეულოს  პერსონალით დამთავრებული.

ქართველები ძალიან უყვართ, კალაძე ლეგენდაა და ვინც ეკიპირებას გვირიგებს ჯანო ანანიძეზე აღფრთოვანებით საუბრობს, რომ განსაკუთრებული ტალანტი იყო.

4-3-3 - იდენტური ტაქტიკაა, რაც „დინამო 2’’-ში იყო, მწვრთნელთან საერთო ხედვები მაქვს. ბურთის კონტროლი 90 წუთი, აქ სულ ამას ამბობენ, ეს არის ჩვენი სავიზიტო ბარათი’’.

კიევის „დინამოს'' 19-წლამდე გუნდში 13 მატჩში (818 წუთი) 5 გოლი გაიტანა

ადაპტაცია კიევის „დინამოში'' (U19)

„თავიდან მოსამზადებელ ეტაპზე ძალიან რთული ვარჯიშები იყო, მაგრამ ნელ-ნელა შევეგუე. ჩემთვის ახლა მთავარია შავი სამუშაო კარგად შევასრულო, თუ ფლანგის შემტევს არ უნდა, რომ გაიქცეს და ბურთი წაართვას, მე უნდა გავიქცე და მე უნდა წავართვა. როცა აქ ჩამოვედი, ფეხის თითიდან თმის ღერამდე შემამოწმეს, გამზომეს და სიმაღლეში 1,84 მ. ვიყავი. მითხრეს შენთვის საუკეთესო წონა 72 კგ. არისო და ეს წონა „მიჭირავს’’. არ მინდა ძალიან დავიკუნთო და არც ძალიან გავხდე, მინდა ფიზიკურად კარგად მომზადებული ვიყო, ძალა მქონდეს და ამასთან ერთად მოედანზე თავისუფლად ვიმოძრავო’’.

მამისგან განსხვავებული

კვარას, ზურიკოსა და მამარდას მსგავსად ლექსოს მამაც ყოფილი ფეხბურთელია. გიორგი ფეიქრიშვილი თბილისის „დინამოში’’ თამაშობდა.

„მე და მამა მოედანზე... დედასვფიცავარ, მას საერთოდ არაფრით ვგავარ... სულ სხვადასხვა სტილი გვაქვს. ის შედარებით დაბალი და ფიზიკურად ძალიან ძლიერი იყო, კარგი დრიბლინგი ჰქონდა, მე უფრო მაღალი და გამხდარი ვარ, მამა გარემარბი იყო, მე შუა ნახევარმცველი ვარ. მასთან შედარებით უფრო კარგი გამძლეობა და კარგი პასი მაქვს. მოკლედ, მსგავსებას ვერ ვხედავ’’.

ფეხბურთის სიყვარული

 „ფეხბურთში ყველაფრის განვითარება შეგიძლია, მაგრამ უდიდესი პლუსია თუ ეს ნიჭი, მოედნის გრძნობა ბუნებრივად გაქვს. რაც უფრო ხშირად თამაშობ, მოედანს უფრო კარგად ხედავ, ამ უნარს ავითარებ. ამიტომ, სჯობს ფეხბურთელმა შედარებით სუსტ გუნდში ითამაშოს და პრაქტიკა ჰქონდეს, ვიდრე დიდ კლუბში წავიდეს და არაფერი აკეთოს. მირჩევნია იქ ვიყო, სადაც ნიჭის განვითარების საშუალება მაქვს. თუ ფეხბურთელი ვერ რეალიზდები, ითრგუნები, ცუდად ხდები. როცა კვირა მთავრდება, ჩემს თამაშს განვიხილავ და ამ მომენტს ვერანაირი ფული შეცვლის, მე ამით ვცხოვრობ, სხვაგვარად არ შემიძლია. თუ გოლი არ გამიტანია, პასი არ გამიკეთებია, ბურთი არ დამიკარგავს, გასახსენებელი არაფერი მაქვს... ასე ცხოვრება არ შემიძლია. ჩემთვის პრიორიტეტი ყოველდღიური განვითარებაა. რომ ამბობენ, ფეხბურთის თამაშის „კაიფიო’’ - აი ეს არის ჩემთვის ყველაზე დიდი სიამოვნებაა, სხვაგვარად არ შემიძლია’’.

რა შეიცვალა ტრავმის შემდეგ?

„პოლიპებზე ოპერაცია ახალი გაკეთებული მქონდა, ნარკოზიდან 3-4 კვირის გამოსული ვიყავი, როცა თურქეთში წასასვლელად ვემზადებოდით (2024 წლის ზამთარი) და „დინამოში'' ანდრეს კარასკო მაგრად გვავარჯიშებდა. ვფიქრობ, ვარჯიშის დაწყება ცოტა ადრე მომიწია. გახურებისას მუხლი ცუდად ჩამიტრიალდა. 2,5 თვე გამიცდა, ტრავმას არავის ვუსურვებ, ფეხბურთელისთვის ნომერ პირველი მტერია.

ყველაზე საწყენი ის იყო, რომ ელიტ-რაუნდი გამოვტოვე (U19). ელიტ-რაუნდამდე მხოლოდ ერთი თამაში ჩავატარე, მზად არ ვიყავი.

რა შეიცვალა ტრავმის შემდეგ?

ძალიან მძიმე ტრავმა არ ყოფილა, მაგრამ მაინც ყველაფერს ჩავეძიე და ჩემს სპორტულ რეჟიმში სიახლეები შევიტანე, პროგრამა შევადგინე და ახლა ყველაფერი კარგად მიდის. შეგვიძლია ამას რუტინა დავარქვათ, დილას ვდგები, ხელ-პირს ვიბან, კბილებს ვიხეხავ, ვლოცულობ, წყალს ვსვამ და 10-15 წუთით ვიწელები. ამის შემდეგ მზად ვარ ყველა დატვირთვას გავუძლო. ყველა წარმატებული სპორტსმენი დილას ასე იწყებს, მათ შორის კრიშტიანუ, წყალს სვამს და ვარჯიშს იწყებს. დილით ტელეფონის „სქროლვა’’ ან პოპკორნის ჭამა კარგი არაა.

8-9 საათი ორგანიზმში წყალი არ შედის, ძინავს, წყალს ვსვამ და მთელს ორგანიზმში ვუშვებ. ამდენი საათი კუნთები ჩაკეტილია, ამ კუნთებს ვხსნი. აი, მანდ შემეშალა, როცა ტრავმა მივიღე, თუმცა გამოცდილება შევიძინე. ტრავმამდე ამას არ ვაკეთებდი. როცა კონორ მაკგრეგორი საუკეთესო ფორმაში იყო, ამ წესს მიმართავდა.

MMA-ს მებრძოლები ჩვენზე გაცილებით მეტს ვარჯიშობენ. მაინტერესებდა ამ დატვირთვებს როგორ უძლებენ. მე ხომ დატვირთვაზე მომივიდა ტრავმა, უფრო სწორად ნარკოზიდან 3-4 კვირის გამოსული ვიყავი და დიდი დატვირთვით ვვარჯიშობდი.

ტრავმის შემდეგ შაქარი საერთოდ ამოვიღე კვების რაციონიდან. ასევე, გარკვეულ დღეებში დილით უზმოზე ვვარჯიშობ. მინდა, ორგანიზმმა საჭმელი კი არ ჭამოს, არამედ - ჩემი ცხიმი. მშიერზე ვარჯიში ძალიან დამეხმარა. ამას კვირაში მაქსიმუმ ორჯერ ვაკეთებ.

გაზაფხულზე ერთკვირიანი სააღდგომო პაუზა იყო, მაღალი ტემპერატურა მქონდა, ოჯახის წევრები კახეთში წავიდნენ, სახლში მარტო ვიყავი, ვერსად გავდიოდი, ჩაის ვსვამდი და მებრძოლების შესახებ დოკუმენტურ ფილმებს ვუყურებდი... გარედან თითქოს ცოტა უხეში, გაუნათლებელი და გიჟი ხალხია, მაგრამ ტოპ მებრძოლები განსაკუთრებულები არიან. კონორ მაკგრეგორის შესახებ 10-სერიან დოკუმენტურ ფილმს ვუყურე. მე და კონორს მუხლზე მსგავსი ტრავმა გვქონდა, მაშინ მე ახალი მორჩენილი მქონდა და ვუყურებდი კონორი როგორ იმუშავებდა, მაგრად დამეხმარა, პრევენციის მიზნით იმ ვარჯიშებს ვაკეთებდი, რასაც ის.

„ტორპედოსთან’’ სალიამ რომ მაგარი გოლი გაიტანა, თამაშისწინა შეკრებაზე ოთახში ერთად ვიყავით,  სალის ორი წიგნი ჰქონდა, ერთი სუარესის ავტობიოგრაფია იყო. შევყევი და ძალიან მომეწონა, მათხოვე-მეთქი.

სამხრეთამერიკელებს ფეხბურთი გიჟურად უყვართ და ეს წიგნში კარგად ჩანს, მაგრამ მე სხვა მონაკვეთი დამეხმარა. 2014 წლის მუნდიალის წინ ტრავმა ჰქონდა, მოირჩინა და უთამაშებელი იყო, რამდენიმე ვარჯიშის შემდეგ მსოფლიოს ჩემპიონატზე ინგლისთან ითამაშა და გაიტანა. დეტალურად წერს როგორ ირჩენდა ტრავმას, მისი სიტყვები მაგრად „შემეხო’’ და მაგარი მოტივაცია მომცა. ტრავმის სირთულე უკვე მეც მქონდა გამოცდილი.

მამას დიდი გამოცდილება აქვს, მუხლზე მძიმე ტრავმა გადაიტანა... და ასე შევთანხმდით, რომ ჩემს სპორტულ რეჟიმსა და კვების რაციონში სიახლეები შემოგვეტანა. მამა და მე ვამბობთ, რომ ყველაფერი, რაც თეთრია, არ უნდა ვჭამოთ. მარილი კიდევ ცოტა შეიძლება, მაგრამ შაქარი და ცომეული საერთოდ არა. ქართველებს ისეთი სამზარეულო გვაქვს, ყველაფერი გემრიელია. კიევში ქალაქში ორჯერ გავედი და ყოველი მესამე რესტორანი ქართულია. ცდუნება არის, მაგრამ სპორტული რეჟიმის დაცვა პრიორიტეტია.

ტრავმის შემდეგ კიდევ ერთი სიახლე ის იყო, რომ მინდორზე ფეხშიშველა სიარულს მივეჩვიე, რაც ძალიან მომწონს. დაახლოებით 10-15 წუთი, რომ მიწა ვიგრძნო. ეს გეხმარება, რომ ორგანიზმი უფრო ათლეტური გახდეს. დეტალებზე ტრავმის შემდეგ დავფიქრდი. რაც უფრო იზრდები, უფრო ვითარდები. შესაძლოა, 5 წლის შემდეგ ინტერვიუ ჩავწეროთ და სრულიად ახალი რაღაცები გითხრა. პროცესია, სწავლობ’’.

სტუდენტის ცხოვრება

,,სკოლის დამთავრების შემდეგ სპორტის უნივერსიტეტში მწვრთნელთა ფაკულტეტზე ჩავაბარე, მეორე კურსზე ვარ.

ეროვნულ გამოცდებამდე 6 თვით ადრე Instagram-ში ჩემი გვერდი გავაუქმე, რეპეტიტორებთან სიარული დავიწყე, მინდოდა უნივერსიტეტში მოხვედრაში ხელი არაფერს შეეშალა. ხშირი ფრენების, ვარჯიშებისა და თამაშების გამო მანამდე დრო არ მქონდა, მომზადება გვიან დავიწყე, მაგრამ რეპეტიტორები ჩემით კმაყოფილნი იყვნენ. მას შემდეგ სწავლას არ ვაჩერებ. მჯერა, ადამიანმა სულ უნდა ისწავლოს. რაღაც მომენტებში ფეხბურთშიც მაგრად გეხმარება სწავლა, მოედანზე ფიქრსა და იმის განსაზღაში, როდის უნდა მიიღო ბურთი და რა გადაწყვეტილებები მიიღო მინდორზე.

უნივერსიტეტში ჩაბარების შემდეგ ილია ჭუმბურიძესთან ჭადრაკზე დავდიოდი, ჭადრაკი თამაშის წაკითხვაში ძალიან მაგრად მეხმარებოდა. ილია ჯერ მათემატიკაში მამეცადინებდა, შემდეგ ჭადრაკში. მასთან ძალიან ახლოს ვარ, სულ გვერდით მიდგას.

ვარჯიშების შემდეგ უკრაინული ენის მასწავლებელთან ვმეცადინეობ ან უნივერსიტეტის ლექციებს ონლაინ ვესწრები.

უნივერსიტეტში სხვადასხვა საგნებს ვსწავლობ. ინგლისურს, ასევე ბიოლოგიას, ფეხბურთელს რომ რამე დაემართოს, როგორ უნდა მოვიქცე და ასე შემდეგ. მოკლედ, სწავლა ჩემთვის საინტერესო პროცესია, ამით სიამოვნებას ვიღებ.

ინგლისურად თავისუფლად ვსაუბრობ, თუმცა მინდა უკრაინული სწრაფად ავითვისო. არ მინდა ვადები დავაწესო, მაგრამ მსურს მალე შევძლო უკრაინულ მედიასთან მათ ენაზე საუბარი (ინტერვიუ ჩაწერილია გასული წლის ნოემბერში).

ოჯახი, სწავლა და დინამოს აკადემია

„რუსთავში დავით ქოქიაშვილთან და მანუჩარ მანჯავიძესთან 2 წლით უფროსებში ვვარჯიშობდი, როცა „დინამოს’’ აკადემიასთან კარგად ვითამაშე და ჩემი თამაში მოეწონათ. მაშინ აკადემია ახალი აშენებული იყო. მამასთან დაკავშირებას ცდილობდნენ, მაგრამ ყაზახეთში თამაშობდა. 6 თვის შემდეგ ჩამოვიდა, თემურ უგრეხელიძემ („დინამოს’’ აკადემიის სელექციონერი) დაურეკა და ასე აღმოვჩნდი „დინამოს’’ აკადემიაში.

12 წლიდან აკადემიის ბაზაზე ვცხოვრობდი, დილით 8 საათზე ვიღვიძებდი, სკოლაში მივყავდით, იქიდან ფეხით ვბრუნდებოდით ხოლმე. ამავდროულად, დედას ინგლისურის რეპეტიტორებთან დავყავდი, ბაზიდან კამერით ვერთვებოდი და გაკვეთილებს ვაბარებდი.

თავიდან ცენტრალური მცველი ვიყავი, აკადემიაში ოთო გაგნიძემ 6 ნომერზე გადამიყვანა.

ყველაზე დიდი პროგრესი ვალერი გაგუასთან მქონდა, როცა 16-წლამდელებიდან 19-წლამდელებში „ამწია’’, მაშინ ჩემთვის ცოტა რთული იყო... თუ მანამდე დღეში ერთხელ ვვარჯიშობდი, შემდეგ ორჯერ უნდა მევარჯიშა, რომ თანაგუნდელებს ძალასა და სისწრაფეში დავწეოდი. იმ პერიოდში ყველაზე მეტად გამძლეობაში მოვუმატე, გამძლეობის გარეშე ცენტრში არაფერი გამოგივა.

მამასთან ერთად ყოველდღე განვიხილავ თამაშებს, რა შემეშალა, რა გავაკეთე კარგად და ვცდილობთ, რომ შეცდომები გამოვასწოროთ. ის არის ჩემი ფიზმომზადების მწვრთნელი, ანალიტიკოსი, კვირას მასთან ერთად ვგეგმავ და ასე შემდეგ. მამას დიდი გამოცდილება აქვს და ძალიან მეხმარება. 

მამა უფრო მეტ ყურადღებას იმას აქცევდა, რომ ჩემი სპორტისადმი დამოკიდებულება სწორი ყოფილიყო. დედა ჩვენი ოჯახის გულია, მე კიდევ ორი და მყავს. ჩვენს ოჯახში სულ სპორტული და ჯანმრთელი საკვებია... შანსი არაა, ჩვენს ოჯახში „ფასტფუდი’’ ნახო და ეს დედას დიდი დამსახურებაა.

„დინამოს’’ აკადემიაში გადმოსვლიდან ზუსტად სამ წელში, მაშინ 15 წლის ვიყავი, ოჯახმა ბინა დიღმის მასივში შეიძინა, შემდეგ ბინა გავარემონტეთ და მთელი ოჯახი ჩემთან ახლოს გადმოვიდა''.

გუნდურობა

„ბავშვოვიდან მოყოლებული პენალტებს გუნდში ყოველთვის მე ვარტყამდი. კიევის „დინამოს’’ 19-წლამდე გუნდში ასეა: ვინც მოიპოვებს, ის არტყამს. მე სხვანაირად ვუყურებ, მე ასე მჯერა, თუ მე მოვიპოვებ, შენ უნდა დაარტყა. თუ შენ მოიპოვებ, მე უნდა დავარტყა. ზაფხულში მაკედონიასთან მე მოვიპოვე. როგორც ეწერა, მე უნდა დამერტყა, მაგრამ სამუშიას დავუთმე. ფეხბურთი გუნდური სპორტია. შენი თავი გუნდზე მაღლა არასდროს უნდა დააყენო. მამა ამას ხშირად მეუბნება ხოლმე და ეს მეც კარგად გააზრებული მაქვს’.

მუშაობა მარცხენა ფეხზე

„ჯერ ე.წ. „ორფეხებში’’ არ გავდივარ.

ზაფხულში, სეზონის დაწყებამდე, ზოგჯერ ვარჯიში დილით გვქონდა, შემდეგ შუადღეს და ვარჯიში საღამოსაც მინდოდა, მივდიოდი და ვეხვეწებოდი, შუქი ჩამირთეთ რომ ვივარჯიშო-მეთქი.

მწვრთნელი მეუბნებოდა, მოდი მარცხენაზე ვივარჯიშოთ გრძელ პასსზე და მოედანზე ჩავდიოდი ხოლმე, მაგრამ ახლა ეს იმდენად ხშირად აღარ ხდება, რადგან ენერგიას ვანაწილებთ, სეზონი მიდის, თან წინ სანაკრებო თამაშებია.

ზაფხულში შეკრება ჩეხეთში გვქონდა. გამგზავრებამდე მწვრთნელმა მითხრა: ცაციათი 5 მცდელობიდან ბურთი 3-ჯერ ძელს უნდა გაარტყა. დამიდო ბურთები და 5-დან 4-ჯერ გავარტყი.

ცაციას ძლიერად უფრო მაგრად ვარტყამ ვიდრე გამოზომილად. მარჯვენათი უფრო გამოზომილად ვაკეთებ, მაგრამ ძლიერად დარტყმა მარცხენათი უფრო კარგად გამომდის.

ჰარი კეინის ინტერვიუ ვნახე, „ტოტენჰემში’’ 3 თვე ვარჯიშებზე მარტო მარცხენა ფეხით ვაკეთებდი ყველაფერსო, პასის კონტროლი, კვადრატი... მარჯვენას არ ვხმარობდიო, ახლა ცაციათი ისე ურტყამს, „ორფეხაა’’ ჩვეულებრივად.

ხანდახან, როცა ვარჯიშებზე მარცხენათი თამაში არ „წამივა,’’ მერე სულ მარცხენას ვეხები ხოლმე, მარცხენათი დრიბლინგი, მარცხენათი პასი...’’

კიევის „დინამოში'' ტრანსფერამდე კრისტალბეთ ეროვნულ ლიგა 2-ში თბილისის „დინამო 2''-ში 2023-24 წლებში 30 თამაშში 10 გოლი გაიტანა და 4 საგოლე პასი შეასრულა. 2024 წლის სეზონში, ვიდრე უკრაინაში გაემგზავრებოდა, 17 წლის ასაკში რანგით მეორე ლიგის 9 მატჩში აქტივში 5 გოლი და 1 საგოლე პასი ჰქონდა. აღსანიშნავია ხობის „კოლხეთთან'' მატჩი, როცა სამივე გოლი მარცხენა ფეხით შეაგდო.

19-წლამდე ნაკრები გაზაფხულზე ელიტ-რაუნდში ითამაშებს

„ფურცელზე რომ აიღო, ძალიან კარგი გუნდი გვყავს. კვარას და ზუკას მაგარი გუნდი ჰყავდათ, მაგრამ ჩვენს გუნდზეც იგივეს თქმა შემიძლია. დიდი ხანია საქართველოს 19-წლამდე ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე არ გასულა, ჩვენი მიზანი იქ მოხვედრაა. ძალიან რთული გზა გვაქვს, წარმატებისთვის ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, ბიჭები დიდი ხანია ერთად მოვდივართ, ოჯახებითაც ახლოს ვართ, ვაპირებთ ქართველი ხალხი გავაოცოთ, გავახაროთ. დარწმუნებული ვარ, 2006 წელს დაბადებული ფეხბურთელებიდან ძალიან ბევრი დიდ ფეხბურთს ითამაშებს’’.

ლექსო პენალტებს კარგად ასრულებს და ეს მისი ერთ-ერთი პლუსია. საქართველოს 19-წლამდე ნაკრებში გასული წლის ზაფხულში ჩრდილოეთ მაკედონიას ამხანაგურ მატჩში გაუტანა.

მათე საურზე

„პენალტების დარტყმა მათემ მასწავლა, როგორ დავარტყა პენალტი, ვარჯიშების შემდეგ ვრჩებოდით და ვვარჯიშობდით. მათე ორივე ფეხით ბრწყინვალედ თამაშობს, გრძელ პასებში შესანიშნავია. ამბობს ხოლმე, ფორვარდად რომ შემიყვანო, ყველას ვაჯობებო. მათეზე ნიჭიერი მეკარე არ მინახავს, ხაზზე მოქმედების თუ ფეხით თამაშის თვალსაზრისით საოცარია. ბავშვობიდან ვეუბნები ხოლმე, მას თავისუფლად შეუძლია ნაკრების მეკარე გახდეს. „დაქამბექებაც’’ შეუძლია, ზოგჯერ საქმე კარგად არ მიდის, შეტევაში გვიჭირს, უკნიდან ისეთი „ჯიგრული’’ კარნახი მოდის, რომ ფეხბურთელებზე დადებითად მოქმედებს და თამაში იცვლება. ამასთან ერთად, ძალიან კარგი ადამიანია, როგორი კარგი ადამიანია იცი? ნაკრებში ყველა თბილად ვართ ერთმანეთის მიმართ, მაგრამ მათე ყველასთან ზედმეტად თბილადაა''.

ლუკა ლაცაბიძეზე

„ძალიან გამიხარდა, როცა „ლაცო’’ „ჩერნომორეცში’’ წავიდა. თამაშს ვუყურებდი, შუაში ათამაშეს, ვფიქრობდი რომ დაკარგოს, მაგარ „კონტრზე’’ წამოვლენ-მეთქი, მაგრამ ისეთი პასი გააკეთა, გამოვშტერდი... „ლაცოს’’ ძალიან დიდი ნიჭი აქვს, უდიდესი, ფიზიკურადაც ისეთი ძლიერია... ბავშვობიდან ძალიან მაგარი იყო, „დინამოს’’ აკადემიაში საყრდენზე თამაშობდა, მაგრამ ახლა „ჩერნომორეცში’’ 10-იანზე ათამაშეს.

როცა მისი საოცარი პასი ვნახე, დავურეკე და ვესაუბრე, მწვრთნელმა მანდ მომითხოვაო. მთავარია, მწვრთნელს დავალება შეუსრულო, ეს არის ყველაზე მთავარი, რა თქმა უნდა შენი „პირადი’’ უნდა გქონდეს, მაგრამ როცა მწვრთნელს დავალებას უსრულებ, მისი უსაყვარლესი ფეხბურთელი ხდები’’.

გაზიარება: