„საჭიროა შეთანხმება, რომელიც ორივე მხარეს დააკმაყოფილებს“ - კონტე კვარას კონტრაქტზე
სერია ა-ს მორიგი ტურის ფარგლებში „ლეჩეს“ წინააღმდეგ გასამართი მატჩის წინ „ნაპოლის“ მთავარმა მწვრთნელმა, ანტონიო კონტემ პრესკონფერენცია გამართა და სხვადასხვა საკითხზე, მათ შორის „პარტენოპეის“ ქართველ შემტევზე, ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა.
მისი თქმით, კვარა სამაგალითო პროფესიონალია და ამიტომ, მიუხედავად იმისა, როგორ განვითარდება მოლაპარაკებები მისი ახალი კონტრაქტის საკითხზე, ხვიჩა ფეხბურთზე უნდა იყოს ფოკუსირებული და გააგრძელოს იმის კეთება, რაც კარგად გამოსდის - ფეხბურთის თამაში.
რა თქვა კონტემ:
იქნება თუ არა როტაცია? არ მიყვარს ამ თემაზე საუბარი, ყველა ფეხბურთელი ძირითადში სათამაშოდ მზადაა, არჩევანს კი იმის გათვალისწინებით ვაკეთებ, რასაც ვარჯიშებზე ვხედავ. ყოველ ჯერზე ისეთი თერთმეტეული გამომყავს, რომელსაც საუკეთესოდ მივიჩნევ, იმიტომ რომ 3 ქულა გვაქვს ასაღები. რაც შეეხება იმას, ვინ დაიწყებს „ლეჩესთან“ მატჩს, საბოლოო გადაწყვეტილებას ხვალ მივიღებ.
ინტერი-იუვეს მატჩი? მე არასოდეს ვაქცევ ყურადღებას კონკურენტების თამაშს, მხოლოდ ჩემი გუნდის თამაშზე ვფიქრობ. ასეთივე მიდგომა უნდა ჰქონდეთ ფეხბურთელებს. ამ ტურში ქულების მარაგი უნდა გავზარდოთ.
კვარაცხელიას ახალი კონტრაქტი? კლუბსა და ფეხბურთელის გარემოცვას შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს. დეტალებზე საუბარი სპორტულ დირექტორს შეუძლია, ის საუბრობს ციფრებზე, მე კი დეტალებში ვერ შევალ. მხოლოდ იმის თქმა შემიძლია და ამას ხვიჩასგანაც ვითხოვ, რომ მან გააგრძელოს იმის კეთება, რასაც აკეთებს და ასეთივე ფოკუსირებული დარჩეს. ის სამაგალითო პროფესიონალია და ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვან სეზონზე უნდა იფიქროს.
იმედია, კლუბი და აგენტი შეთანხმდებიან და ყველაფერი მოგვარდება. საჭიროა ისეთი შეთანხმება, რომელიც ორივე მხარეს დააკმაყოფილებს. მე ყოველთვის ვითხოვ, რომ ფეხბურთელმა სეზონის ბოლომდე პატივი სცეს იმ კლუბს, რომლის მაისურითაც თამაშობს. მეტს არაფერს ვიტყვი და მიუხედავად იმისა, იქნება თუ არა მიღწეული შეთანხმება, ხვიჩა ფოკუსირებული უნდა იყოს იმაზე, რასაც აკეთებს, იმიტომ რომ ეს კარგად გამოსდის. მე ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავ, დანარჩენს კი დრო გვიჩვენებს“.
შეგახსენებთ, რომ მომდევნო მატჩს „ნაპოლი“ საკუთარ კედლებში „ლეჩეს“ წინააღმდეგ გამართავს. 8 ტურის შემდეგ „პარტენოპეი“ 19 ქულით სატურნირო ცხრილის პირველ ადგილზე იმყოფება. მატჩი 26 ოქტომბერს, თბილისის დროით 17:00 საათზე გაიმართება.
რაც შეეხება ხვიჩა კვარაცხელიას, ქართველს სერია A-ს მიმდინარე სეზონში 4 გოლი და 2 საგოლე გადაცემა აქვს გაფორმებული.
აქვე გეტყვით, რომ „ნაპოლის“ ხელმძღვანელებსა და კვარაცხელიას წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკებები რამდენიმე კვირაა მიმდინარეობს. მხარეები ხელფასზე ვერ თანხმდებიან. Tuttomercatoweb-ის მიხედვით, „პარტენოპეიმ“ ქართველ ფეხბურთელს წლიური 5 მილიონი ევრო შესთავაზა, მაგრამ კვარას 8-9 მილიონის მიღება სურს.