გუნდს დამაჯერებლობას სძენს - იტალიური მედია გოგლიჩიძეზე
იტალიის სერია A-ს უკანასკნელ ტურში „ნაპოლისთან“ (0:1) საშინაო მარცხის მიუხედავად, „ემპოლის“ ახალგაზრდა ქართველმა მცველმა საბა გოგლიჩიძემ იტალიური მედიისგან კვლავაც უმაღლესი შეფასება მიიღო. მთლიანად მატჩის დამაჯერებლად ჩატარების გარდა, ყველა იხსენებს 11-მეტრიანის დანიშვნის ეპიზოდს, როდესაც 20 წლის უკანა ხაზელმა ყველაფერი გააკეთა, გუნდი ხიფათისგან გადაერჩინა, თუმცა მისი თანაგუნდელის შეცდომის გამო ყველაფერი წყალში ჩაიყარა. ცნობილი იტალიური გამოცემა mondoprimavera საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრს საკმაოდ კარგად ახასიათებს.
რას წერენ გოგლიჩიძეზე
ლამის ყველა შეხვედრაში ამტკიცებს, რომ ძალიან მაღალი დონის ფეხბურთელია, რომელმაც სამცველიან ტაქტიკაში საკუთარი ადგილი მშვენივრად იპოვნა. „ნაპოლის“ საშიში და ტექნიკური შემტევების წინააღმდეგ ერთი წუთითაც არ დაუყენებია საკუთარი შესაძლებლობები ეჭვქვეშ, ზონები საიმედოდ ჰქონდა გადაკეტილი და მთავარ მწვრთნელს გაცემული ავანსები კიდევ ერთხელ გაუმართლა.
საბასთან ერთად, სტატიაში საუბარი იყო „ემპოლის“ კიდევ ერთ აღმოჩენასა და ახალგაზრდა ფეხბურთელ 20 წლის იაკოპო ფაცინიზე, რომელიც ნახევარდაცვის ხაზში რობერტო დავერსას მთავარი დასაყრდენია და გოგლიჩიძის მსგავსად, სამომავლოდ ძირითად შემადგენლობაში ადგილი მასაც დაჯავშნილი აქვს.