საქართველოს ნაკრები FIFA-ს რეიტინგში დაქვეითდა
მსოფლიო ფეხბურთის მმართველმა ორგანომ (FIFA) ეროვნული ნაკრებების რეიტინგი განაახლა, რომელშიც საქართველოს ეროვნული ნაკრები 1 პოზიციით დაქვეითდა - ვილი სანიოლის გუნდმა 66-დან 67-ე ადგილზე გადაინაცვლა.
აღსანიშნავია, რომ ერთა ლიგის ჯგუფში ჩვენი მეტოქე უკრაინა 25-ე (-1 პოზიცია), ჩეხეთი 45-ე (+1), ხოლო ალბანეთი 65-ე ადგილზეა (+2).
რაც შეეხება რეიტინგის პირველ სამეულს, აქ არაფერი შეცვლილა: რეიტინგის სათავეში კვლავ მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი არგენტინაა, მეორეზე - მუნდიალის მეორეადგილოსანი საფრანგეთი, მესამეზე კი ევროპის ჩემპიონი ესპანეთი.
რეიტინგის პირველი ათეული ასე გამოიყურება: არგენტინა, საფრანგეთი, ესპანეთი, ინგლისი, ბრაზილია, ბელგია, პორტუგალია (+1), ნიდერლანდები (-1), იტალია (+1) და კოლუმბია (-1).
შეგახსენებთ, რომ ოქტომბერში საქართველოს ნაკრებმა ორი მატჩი გამართა და ორივეში მარცხი იწვნია. ვილი სანიოლის გუნდმა ჯერ გასვლაზე უკრაინასთან (0:1), შემდეგ კი შინ ალბანეთთან (0:1) წააგო.
ცნობისთვის, მომდევნო მატჩებს საქართველოს ეროვნული ნაკრები ნოემბერში გამართავს - 16 ნოემბერს „ჯვაროსნები“ ბათუმში უკრაინას უმასპინძლებენ, 19 ნოემბერს კი სტუმრად ჩეხეთს დაუპირისპირდებიან.