სიტის და ჰოლანდის უნიკალური მიღწევები
24 წლის ერლინგ ჰოლანდი უნიკალური შედეგებით საფეხბურთო სამყაროს გაოცებას განაგრძობს. გუშინ, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის III ტურში, ნორვეგიელი ფორვარდი „მანჩესტერ სიტის“ პრაღის „სპარტასთან“ (5:0) საშინაო გამარჯვებაში დუბლით დაეხმარა, რითაც ევროპის უპრესტიჟულეს საკლუბო ტურნირზე 44 ბურთი დაუგროვდა, დიდიე დროგბას გაუთანაბრდა და ყველა დროის ბომბარდირთა დავაში მე-16 პოზიციაზე გადაინაცვლა.
ოღონდ, თუ კოტ დ’ივუარელს 44 გოლის გასატანად 92 მატჩის ჩატარება დასჭირდა, ჰოლანდმა ამის გაკეთება თავის 42-ე შეხვედრაში მოახერხა. მთლიანობაში მიმდინარე სეზონში „ქალაქელების“ საუკეთესო ბომბარდირის ანგარიშზე როგორც კლუბის, ასევე ნაკრების შემადგენლობაში ნათამაშებ 16 შეხვედრაში 16 გოლი და 8 საგოლე პასია, რაც ასევე ფანტასტიური შედეგია.
ჩეხებთან მოგებული თამაში მხოლოდ ჰოლანდისთვის გამოსარჩევ არ ყოფილა - პეპ გუარდიოლას ხელმძღვანელობით „მანჩესტერ სიტიმ“ ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში წაუგებელი სერია 27 მატჩამდე გაზარდა, რითაც სერ ალექს ფერგიუსიონის დროინდელი „მანჩესტერ იუნაიტედის“ (26) მიღწევა გააუმჯობესა და ამ მხრივ ტურნირის ყველა დროის რეკორდსმენი გახდა. წაუგებელ მატჩებში ითვლება ის თამაშები, რომლის ძირითად 90 წუთში კლუბი არ დამარცხდება, ამიტომაც „რეალთან“ შარშანდელ პლეი ოფში 11-მეტრიანების სერიაში დამარცხება სათვალავში არ მიიღება.
სამ ტურში დაგროვებული 7 ქულით „მანჩესტერ სიტი“ ჩემპიონთა ლიგის საერთო სატურნირო ცხრილში მესამე ადგილზეა და მხოლოდ „ასტონ ვილასა“ და „ლივერპულს“ ჩამორჩება. პრემიერლიგაში კი „ქალაქელები“ მეორე პოზიციას იკავებენ და მათ მხოლოდ მერსისაიდელები უსწრებენ.