ახალი საკლუბო რეკორდი - ლივერპული გაჩერებას არ აპირებს
უეფას ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურში სტუმრად „ლაიპციგთან“ (0:1) მოპოვებული გამარჯვება „ლივერპულისთვის“ ბევრი ფაქტორის გამო იყო მნიშვნელოვანი. გარდა იმისა, რომ ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირზე ზედიზედ სამი მოგებით მერსისაიდულმა გრანდმა მერვედფინალის საგზური ყოველგვარი პლეი ოფების გარეშე ფაქტიურად გაინაღდა, რამდენიმე საკლუბო რეკორდიც დაამყარა.
ლივერპულელებმა ყველა ტურნირზე ჩატარებული სეზონის საწყისი 12 მატჩიდან 11 მოიგეს და 1 წააგეს, რაც კლუბის ისტორიაში აქამდე არასოდეს მომხდარა. ეს განსაკუთრებით სასიხარულოა არნე სლოტისთვის, რომლის ხელშიც იურგენ კლოპის ოქროს ხანის შემდეგ, „წითლებს“ ჩავარდნას უწინასწარმეტყველებდნენ, თუმცა, როგორც ხედავთ, ნიდერლანდელმა სპეციალისტმა სტარტზე ისეთი შედეგი აჩვენა, როგორიც მის გერმანელ წინამორბედსაც არ ჰქონია. ერთადერთი გუნდი, რომელმაც სლოტის კრებულის დამარცხება შეძლო, „ნოტინგემ ფიორესტია“ (0:1) და ეს უდიდესი სენსაცია „ენფილდ როუდზე“ 14 სექტემბერს დაფიქსირდა.
დიახ, ერთადერთი წაგება შინაურ კედლებში ფიქსირდება, რადგან „ლივერპული“ მიმდინარე სეზონში სტუმრად შეუდარებელია და ზედიზედ ექვსი საგარეო თამაში მოიგო, რითაც 2017-2018 წლებში „მანჩესტერ სიტის“ მიერ დამყარებული რეკორდი გაიმეორა - არც მანამდე და არც ამის შემდეგ მსგავსი შედეგი ინგლისის პრემიერ ლიგის არც ერთ წარმომადგენელს არ ჰქონდა. მომდევნო შეხვედრას მერსისაიდელები 27 ოქტომბერს, სტუმრად „არსენალთან“ გამართავენ, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეოთხე ტურში კი, 6 ნოემბერს, ჩაბი ალონსოს მომზადებულ „ლევერკუზენს“ უმასპინძლებენ.