ლივერპული და იუვენტუსი კვარას სიტუაციას მოთმინებით აკვირდებიან
ხვიჩა კვარაცხელია „ნაპოლის“ დატოვებასთან უფრო ახლოს არის, ვიდრე კონტრაქტის გაგრძელებასთან. ბოლო თვეებმა ეს დაადასტურა. სულ ბოლოს კი პრეზიდენტმა დე ლაურენტისმა განაცხადა, რომ კლუბი მის წასვლას როგორმე გადაიტანს, მათ მსგავსი რამ ადრეც გაუკეთებიათ.
„ნაპოლის“ 2025 წლის ზაფხულში კვარაცხელიას გაყიდვა აწყობს, რადგან, თუ კონტრაქტი ვერ განუახლეს, ეს მომენტი მათთვის ბოლო შანსი იქნება, რომ ქართველი სარფიანად გაყიდონ.
მხარეები ახალ პირობებზე შეთანხმებასთან ახლოსაც არ არიან. ამ ყველაფრის ფონზე გააქტიურდნენ ევროგრანდები, რომელთა შორის გამოჩნდნენ „ლივერპული“ და „იუვენტუსი“.
Team Talk-ის ცნობით, „მერსისაიდელები“ კვარაცხელიას ირგვლივ მიმდინარე მოვლენებს თვალს ადევნებენ.
„ლივერპულს“ გარემარბის შეძენა აქვს გადაწყვეტილი. უფრო მეტად მარცხენა ფლანგზე მოთამაშე „ვინგერებს“ აკვირდებიან. ხვიჩა სიაში მოხვდა. მის გარდა არნე სლოტის ინტერესთა ობიექტში კარიმ ადეიემი (დორტმუნდი), ლეროი სანე (ბაიერნი) და ტაკეფუსა კუბო (რეალ სოსიედადი) იმყოფებიან.
ბრიტანული გამოცემა აღნიშნავს, რომ კვარაცხელიას „ლივერპულის“ გარდა პსჟ და „ბარსელონაც“ აკვირდება.
რაც შეეხება „იუვენტუსის“ ინტერესს, „ბებერი ქალბატონი“ კვარას აქტიურად ადევნებს თვალს. კრისტიან ჯუნტოლი, ტურინელთა სპორტული დირექტორია, რომელმაც კვარა აღმოაჩინა და „ნაპოლიში“ მიიყვანა. სწორედ ის, ამჟამინდელ მოვლენებს მოთმინებით ელოდება.
Spazionapoli-ს ცნობით, „იუვენტუსი“ შეეცდება სერია A-ში თავის კონკურენტს კიდევ ერთი მტკივნეული დარტყმა მიაყენოს და მორიგი ლიდერი წაართვას, რაც ადრეც გაუკეთებიათ, თუნდაც გონსალო იგუაინის შემთხვევაში.
ყველაფერი ზამთარში გამოჩნდება. იანვრის სატრანსფერო ფანჯრისას „ნაპოლიმ“ შესაძლოა ხვიჩას თაობაზე შეთავაზებები უკვე მიიღოს.