ილია თოფურია, მაქს ჰოლოუეი
Aa
Aa

„დიახ, მაქსის ფანი ვიყავი, მაგრამ ახლა ჩემს წინ იდგება“ - ილია თოფურიას პრესკონფერენცია

26 ოქტომბერს, UFC-ის ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის საჩემპიონო ბრძოლაში ილია თოფურია ქამარს მაქს ჰოლოუეის წინააღმდეგ დაიცავს.

ბრძოლამდე რამდენიმე დღით ადრე მებრძოლებმა სპეციალური მედიადღის ფარგლებში პრესკონფერენცია გამართეს და ჟურნალისტების კითხვებს უპასუხეს.

ილია თოფურიას პრესკონფერენცია:

პირველივე წამებიდან ცენტრში დავდგები, თუ უნდა ჩემთან ერთად დგომა და იმის დამტკიცება, რომ მართლა არის BMF-ი, კარგი იქნება, მაგრამ თუ გადაწყვეტს, რომ ასე არ მოიქცეს, ამასაც მივიღებ. მისი დაფინიშების სხვა გზას გამოვნახავ. ჩემი აზრით, BMF-ის ქამარი ხორხე მასვიდალისთვის დამზადდა და სწორედ მას ეკუთვნის. BMF-ი არავინ არის, მაგრამ თუ ვინმე გადაწყვეტს მის ქონას, მაშინ, ის ჩემი იქნება.

ვარ თუ არა მზად 5 რაუნდისთვის? რა თქმა უნდა! 5 კი არა, 10 და 15 რაუნდსაც ვიჩხუბებ თუ საჭირო იქნება. მაგრამ არ მგონია, რომ ბრძოლა აქამდე მოვიდეს, მას უფრო ადრე დავაფინიშებ.

ვარ თუ არა ვოლკანოვსკიზე და ჰოლოუეიზე უკეთესი მებრძოლი? არ ვიცი, ვინ მიიჩნევს ასე, მაგრამ ამას თუ ფიქრობენ, ეს ჩემთვის დიდი პატივია. ალექსი ძლიერი მებრძოლია, მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო.

რა განსხვავებაა ძველი და ახალი თაობის მებრძოლებს შორის? როგორ ტექნიკას და უნარებსაც ვიყენებ ჩემი მეტოქეების წინააღმდეგ, ამას ვერსად ნახავთ. როგორ ვამოძრავებ თავს, როგორც ვდომინირებ ოქტაგონზე... ეს არის განსხვავება. ამ ევოლუციით მაქს ჰოლოუეი არასდროს იბრძვის. მას კარგად შეუძლია სტრაიკინგი, მაგრამ ვერ ნახავთ მის ჭიდაობას, მიწაზე გადაყვანას... არ ცდილობს სიახლეების ჩვენებას, მხოლოდ სტრაიკინგში ჩხუბობს. მე კი ყველაფრის გამოყენებას ვცდილობ როგორც ფეხზე, ისე ჭიდაობაში.

არის თუ არა საუკეთესო მოკრივე UFC-ში? ის ნამდვილად არის კარგი სტრაიკერი, მაგრამ ეს მხოლოდ კრივს არ ეხება. მან თქვა, რომ UFC-ში საუკეთესო მოკრივეა... სირცხვილია, ამას რომ ამბობს. ის ნამდვილად არ არის საუკეთესო მოკრივე UFC-ში, მაგრამ როგორც გითხარით, ნამდვილად არის კარგი სტრაიკერი, აქვს დიდი გამოცდილება და ოქტაგონზე ყველაფერს დებს. მაგრამ არიან ბიჭები, რომლებიც თავის სტილს ანვითარებენ. შაბათს საღამოს, ის რაღაც ისეთს მიიღებს, რაც აქამდე არასდროს უგრძნია. ჩემი მხრიდან მისი მისამართით ზეწოლა საერთოდ განსხვავებულ იქნება. ვარ თუ არა საუკეთესო მოკრივე? არ მიყვარს ასეთი განცხადებების გაკეთება, აქ ბევრი დიდებული მებრძოლია... მოდით, ეს ხალხმა შეაფასოს.

ვიჩხუბებ თუ არა მაქსთან გამარჯვების შემდეგ ისლამ მახაჩევთან? პირველ რიგში, მინდა მომავალ ბრძოლაზე ვიყო კონცენტრირებული, ჩემი საქმე გავაკეთო და გავიმარჯვო, შემდეგ კი ვნახავთ, რა იქნება და რა ენდომება ჩემთვის UFC-ის. თუ დამიძახებენ და მეტყვიან, რომ მსუბუქ წონაში ავიდე, მაშინ ამას გავაკეთებ, პირველი ვიქნები, ვინც ისლამს შებოჭავს. თუ იმასაც მეტყვიან, რომ ქამარი ქვემსუბუქში უნდა დავიცვა, ამასაც მივიღებ. მოდით, ეს გადაწყვეტილება UFC-ის მივანდოთ.

მეორე ქართველი ჩემპიონი მერაბის სახით? ძალიან ბედნიერი ვარ ამით. მერაბს პირადად ძალიან კარგად ვიცნობ, საოცარი ადამიანია, ეს ნამდვილად დაიმსახურა.

ხალხი მეკითხებოდა, რა მიზანი მქონდა UFC-ში, ჩემი პასუხია, რომ UFC-ში სამი წონის ჩემპიონობა მინდა. რა მაიძულებს, რომ ასეთი თავდაჯერებული ვიყო? მძიმე შრომა, რომელიც გავიარე და უნარები, რომელსაც ოქტაგონზე ვაჩვენებ.

ვოლკანოვსკი? მას ყოველთვის დიდ პატივს ვცემდი, მასთან ბრძოლამდეც და ბრძოლის შემდეგაც. პირადული არაფერი მაქვს, უბრალოდ ჩემს ოცნებებს მივყვებოდი, შაბათს მაქსსაც იგივე ელის, რაც მას მოუვიდა. მასსაც დიდ პატივს ვცემ, ბრწყინვალე მებრძოლია, სპორტის ამ სახეობაში ბევრს მიაღწია და ცუდს ვერაფერს ვიტყვი. თქვა, რომ მისი ფანი ვიყავი და დიახ, ამას არც ვმალავ. დიდი ხნის განმავლობაში მაქს ჰოლოუეის ფანი ვიყავი, მაგრამ ახლა ის ჩემს წინააღმდეგაა და ახალი თაობის დროა. ახლა ძველ და ახლანდელ მაქს ჰოლოუეის შორის განსხვავებას ვერ ვხედავ. ის იგივე ბიჭია - კარგი სტრაიკერი, რომელიც ოქტაგონზე თავდადებით იბრძვის. რაიმე ევოლუცია არ შემიმჩნევია.

ვეჩხუბები თუ არა ვოლკს ავსტრალიაში? სხვა დროს ავსტრალიაში დიდი სიამოვნებით წავიდოდი, მაგრამ ახლა, როდესაც ჩემპიონი ვარ, ეს არ მგონია მოხდეს. თუ მას კიდევ ერთხელ ენდომება ტიტულისთვის ბრძოლა, ეს მადრიდში მოხდება. ავსტრალიაში ის თავისი ხალხის წინაშე იბრძოლებს და რატომ უნდა მივცე ეს უპირატესობა?

აბუ-დაბიში ბრძოლა? სიმართლე რომ გითხრათ, აქამდე სულ მოწინააღმდეგის ტერიტორიაზე ვიბრძოდი და ამას შევეჩვიე კიდეც, ახლა კი ფაქტობრივად ნეიტრალურ ტერიტორიაზე მიწევს ჩხუბი. ბევრ ქართველ და ესპანელ გულშემატკივარს აქ ჩამოსვლის შესაძლებლობა მიეცა და ისინი მხარს მე დამიჭერენ. ამ ფაქტით ძალიან ბედნიერი ვარ.

ვიჩხუბებ თუ არა ისლამთან აბუ-დაბიში? პირველ რიგში, მინდა ვთქვა, რომ თუ მე ისლამთან ჩხუბი მინდა, იმას არ ნიშნავს, რომ დაღესტნელი ხალხის მიმართ რამე მაქვს. არა, პირიქით, ყველას პატივს ვცემ. დიახ, აბუ-დაბი ჩვენი ბრძოლისთვის ბრწყინვალე ადგილი იქნება. მას ბევრი გულშემატკივარი ჰყავს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოდან და ესპანეთიდან ბევრი ხალხი ჩამოვა.

ილია თოფურიასა და მაქს ჰოლოუეის ბრძოლა შაბათს, თბილისის დროით 23:59 საათიდან გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მაგარი ჩხუბი იქნება, მაგრამ ერთი რამ ძალიან ცუდია“ | დენა უაითი ილია VS მაქსზე
„მაგარი ჩხუბი იქნება, მაგრამ ერთი რამ ძალიან ცუდია“ | დენა უაითი ილია VS მაქსზე