„კვარა მარსიდანაა, მაგრამ სერია A-ს ვარსკვლავი სხვაა“ | ნაპოლის ექს-ფეხბურთელი
„ნაპოლის“ ყოფილმა ფორვარდმა, ბრუნო ჯორდანომ La Gazzetta dello Sport-თან ინტერვიუს დროს „პარტენოპეის“ ამჟამინდელ მდგომარეობაზე ისაუბრა და სკუდეტოს მოგების ფავორიტები დაასახელა.
ვეტერანი ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელიასაც შეეხო და აღნიშნა, რომ ქართველი იტალიის ჩემპიონატში ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელია, თუმცა, სერია A-ს ვარსკვლავი ლაუტარო მარტინესია.
რას ამბობს ჯორდანო:
„სკუდეტოს ან „ნაპოლი“, ან „ინტერი“ მოიგებს. ბრემერის ტრავმის შემდეგ, „იუვენტუსმა“ უზარმაზარი პოტენციალი დაკარგა და ახლა ტურინელებს იმედი უნდა ჰქონდეთ, რომ ვლაჰოვიჩიც არ გამოაკლდებათ. „მილანის“ თამაში მთლიანად ლეაუზეა დამოკიდებული. ვინ არის ყველაზე სრულყოფილი ფორვარდი სერია A-ში? ლაუტარო მარტინესი. გასულ სეზონში მან 24 გოლი გაიტანა და ჩალჰანოღლუს პენალტებიც რომ დაეთმო, 10-ით მეტი გოლი ექნებოდა“.
„კვარაცხელია? მისი თამაშის ნახვა თვალებისთვის დიდი სიამოვნებაა. ის მარსელია, რომელიც იტალიაში 2 წლის წინ ჩამოვიდა და პირველივე თამაშებში ყველაზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, მათ შორის ჩემზეც. პირველი სეზონის კვარა გამორჩეული იყო და იმედი მაქვს, იმ პერიოდს მალე იპოვის“.
„მაგრამ მგონია, რომ ჩემპიონობისთვის მთავარი მამოძრავებელი ძალა ანტონიო კონტეა, სპეციალისტი, რომელიც ფეხბურთელებს გამორჩეული პატივისცემით ეპყრობა. ამის გათვალისწინებით, ლუკაკუმ იცის, როგორც უნდა გამოჩნდეს ხელახლა. ის მალე დაუბრუნდება იმ კონდიციებს, რომელიც მნიშვნელოვან თამაშებში გადამწყვეტი იქნება“.
10 ტურის შემდეგ „ნაპოლი“ სატურნირო ცხრილში 19 ქულით პირველ ადგილზე იმყოფება და მეორეადგილოსან „ინტერს“ 2 ქულით უსწრებს. ანტონიო კონტეს გუნდი მომდევნო შეხვედრას 26 ოქტომბერს, საკუთარ მოედანზე „ლეჩეს“ წინააღმდეგ გამართავს.