„ერთი სული მაქვს მაქსი ამ ჯუჯას როდის დაანოკაუტებს“ | ბელალმა ილია შრეკის პერსონაჟს შეადარა
UFC-ის ქვესაშუალო წონითი დივიზიონის ჩემპიონმა, ბელალ მუჰამედმა ილია თოფურიას დასცინა. ბელალმა X-ის საკუთარ გვერდზე პოსტი გამოაქვეყნა და „ელ მატადორი“ ცნობილი ანიმაციური ფილმის, შრეკის ერთ-ერთ პერსონაჟს, ლორდ ფარქუადს შეადარა.
„მოუთმენლად ველოდები, მაქს ჰოლოუეი ამ ჯუჯას როდის დაანოკაუტებს და ის ფილმ შრეკში თავისი როლის თამაშს როდის დაუბრუნდება“, - განაცხადა ბელალმა და პოსტს შრეკის ერთ-ერთი კადრი დაურთო.
Cant wait till max knocks this midget out and he goes back to acting in shrek pic.twitter.com/oo4RLTEifc
— Belal Muhammad (@bullyb170) October 23, 2024
სხვათა შორის, მუჰამედი ამ პოსტით „ელ მატადორის“ სიტყვებს გამოეხმაურა, რომელმაც აღნიშნა, რომ მისთვის ბელალთან ჩხუბი პარკში გასეირნების მსგავსი იქნებოდა. თოფურიას თქმით, მუჰამედი დაბალი დონის მებრძოლია და „ელ მატადორთან“ ვერაფერს გააწყობს.
შეგახსენებთ, რომ ილია მომდევნო ორთაბრძოლას UFC 308-ზე გამართავს და მაქს ჰოლოუეის წინააღმდეგ საჩემპიონო ქამრის დაცვას შეეცდება. ღონისძიება 26 ოქტომბერს არის ჩანიშნული, ილიასა და მაქსის ჩხუბი კი 27-ში, თბილისის დროით, დაახლოებით 01:00-ზე დაიწყება.