„მასთან ბრძოლა პატივი იქნებოდა, თუმცა ჯერ ილიას უნდა ვეჩხუბო“ - ჰოლოუეი მახაჩევზე
UFC-ის ამერიკელმა მებრძოლმა, მაქს ჰოლოუეიმ, რომელიც რამდენიმე დღეში ილია თოფურიასთან ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის საჩემპიონო ქამრისთვის იჩხუბებს, სუპერმსუბუქი წონის ჩემპიონთან, რუს ისლამ მახაჩევთან შესაძლო ბრძოლაზე ისაუბრა.
ჰოლოუეის თქმით, მახაჩევთან ბრძოლა მისთვის პატივი იქნებოდა.
„მინდა თუ არა ისლამთან ჩხუბი, თუ თოფურიას დავამარცხებ? რა თქმა უნდა, მინდა ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დიდებული მებრძოლი გავხდე.
თავის დროზე ხაბიბ ნურმაგომედოვთან ჩხუბი მქონდა ჩანიშნული, ისლამს კი „ხაბიბ 2.0“-ს ეძახიან. ჩემთვის მახაჩევთან ბრძოლა პატივი იქნებოდა - ჩემს სახელს ისტორიის სახელმძღვანელოებში შევიყვანდი, თუმცა ჯერ ილია თოფურიას უნდა ვეჩხუბო“.
შეგახსენებთ, რომ 26 ოქტომბერს აბუ-დაბიში UFC 308-ს მთავარ ორთაბრძოლაში ილია თოფურია საჩემპიონო ქამარს პირველად დაიცავს. მისი მეტოქე სწორედ მაქს „დალოცვილი“ ჰოლოუეი იქნება.
ცნობისთვის, ჰოლოუეიმ ბოლო ბრძოლა მიმდინარე წლის აპრილში ჯასტინ გეიჯის წინააღმდეგ გამართა და მეხუთე რაუნდში ნოკაუტით გაიმარჯვა. მის ანგარიშზე 26 გამარჯვება და 7 მარცხია.
აქვე გეტყვით, რომ ჰოლოუეი ჯერ კარიერაში არავის დაუნოკაუტებია ან დაუნოკდაუნებია, ილია თოფურია კი პირობას დებს, რომ საქმეს პირველ 10 წამშივე დაამთავრებს.