„ძველი კვარა კიდევ არ მინახავს“ - კასანო ხვიჩაზე და ნაპოლიზე
ვეტერანმა იტალიელმა ფეხბურთელმა და მადრიდის „რეალის“ ყოფილმა შემტევმა, ანტონიო კასანომ Viva el Fubol-ის პოდკასტში ხვიჩა კვარაცეხლიას შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქართველ ფეხბურთელს ჯერჯერობით, ძველი ფორმა არ დაუბრუნებია, თუმცა, ის სერია A-ში მაინც ბრწყინავს.
რას ამბობს კასანო:
„ემპოლის წინააღმდეგ, „ნაპოლის“ პირველი ტაიმი ნამდვილად არ მომეწონა. მოდით დავივიწყოთ, რაც სპალეტისთან მოხდა, ეს დრო უბრალოდ უნდა ამოვიგდოთ გონებიდან. გახსოვთ კონტემ რა თქვა? ეიფორიასთან ფრთხილად უნდა ვიყოთ. „ემპოლისთან“ სწორედ ასე მოიგო. გუნდში ისე მუშაობს, თითქოს იცის, რომ ფეხბურთელთა უმრავლესობა გუნდს 2-3 წლის შემდეგ დატოვებს, ის კი ცდილობს, რომ გუნდის მენტალური მდგომარეობა არ დაეცეს. ნამდვილი მანქანაა, რომელსაც ერთი მიზანი აქვს: აიყვანოს გუნდი უფრო მაღალ დონეზე, რათა გაიმარჯვოს, ამას ბრწყინვალედ ასრულებს, რადგან ჯერჯერობით, მისი სვლა წარმატებულია. რაც შეეხება კვარაცხელიას, იმის მიუხედავად, რომ პირველ ორ თვეში სტატისტიკა მის სასარგებლოდაა, ნამდვილი კვარა მაინც არ მინახავს“.
ხვიჩა კვარაცხელიამ სერია A-ს მიმდინარე სეზონში „ნაპოლის“ მაისურით 10 მატჩში 4 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა შეასრულა. გათამაშების ბოლო ტურში, „პარტენოპეიმ“ „ემპოლისთან“ ქართველის მიერ ზუსტად შესრულებული პენალტის წყალობით 1:0 მოიგო.
10 ტურის შემდეგ „ნაპოლი“ სატურნირო ცხრილში 19 ქულით პირველ ადგილზე იმყოფება და მეორეადგილოსან „ინტერს“ 2 ქულით უსწრებს. ანტონიო კონტეს გუნდი მომდევნო შეხვედრას 26 ოქტომბერს, საკუთარ მოედანზე „ლეჩეს“ წინააღმდეგ გამართავს.