გაუპატიურების საქმე: სტოკჰოლმის სასტუმროში, სადაც მბაპე იმყოფებოდა, ჩხრეკა ჩატარდა
სტოკჰოლმში მდებარე სასტუმროში, სადაც მადრიდის „რეალის“ ფრანგი თავდამსხმელი, კილიან მბაპე იმყოფებოდა, ჩხრეკა ჩატარდა.
Aftonbladet-ის ინფორმაციით, ადგილობრივმა პოლიციამ ასევე დაკითხა მომსახურე პერსონალი და შესაძლებელია სათვალთვალო კამერებიც ამოიღონ.
გასულ კვირას ცნობილი გახდა, რომ მადრიდის „რეალის“ ფრანგ ვარსკვლავს, კილიან მბაპეს შვედეთში, სასტუმროში ქალის გაუპატიურებაში ადანაშაულებენ, სადაც ის მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა.
შვედეთის პროკურატურამ განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ გაუპატიურების შესახებ შესულ საჩივარზე წინასწარი გამოძიება დაიწყო, თუმცა ფრანგი ფეხბურთელის სახელი არ უხსენებია. ამის შემდეგ მალევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქალმა, რომელმაც საჩივარი შეიტანა, მომხდარში დამნაშავედ სწორედ მბაპე დაასახელა.
შვედეთში გაუპატიურება 6-წლიან პატიმრობას ითვალისწინებს. სასჯელი შესაძლებელია 3 წლამდე შემცირდეს, თუმცა დამამძიმებელი გარემოების შემთხვევაში, პირიქით - პატიმრობა 10 წლამდე იზრდება.
თავად კილიან მბაპემ მადრიდის „რეალს“ განუცხადა, რომ გაუპატიურების ბრალდებების უკან პსჟ დგას.