„მაგარი ჩხუბი იქნება, მაგრამ ერთი რამ ძალიან ცუდია“ | დენა უაითი ილია VS მაქსზე
UFC-ის პრეზიდენტმა, დენა უაითმა ილია თოფურიასა და მაქს ჰოლოუეის საჩემპიონო დაპირისპირებაზე ისაუბრა. უაითის თქმით, MMA-ის გულშემატკივრებს მაგარი ორთაბრძოლა ელოდებათ, მაგრამ დასძინა, რომ არსებობს ერთი გარდაუვალი ფაქტორი, რაც უარყოფით ემოციებს დატოვებს.
„თოფურიასა და ჰოლოუეის ჩხუბს ძალიან ცუდი მომენტი ახლავს თან. გულდასაწყვეტია, როცა ორივე მებრძოლი ძალიან მოგწონს და იცი, რომ ერთ-ერთი მათგანი ოქტაგონს წაგებული დატოვებს. მაქსი ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო მებრძოლი და ძალიან კარგი ადამიანია. BMF-ის საჩემპიონო ქამარს ფლობს და ნამდვილი BMF-ია.
თოფურია როკვარსკვლავია და მაგარი ჩხუბი იქნება. მეზიზღება ის ფაქტი, რომ ვიღაცას ამ ორთაბრძოლის წაგება მოუწევს. ძალიან საინტერესო ჩხუბი გველოდება. წარმოდგენა არ მაქვს, რა მოხდება. ამ ჩხუბით აღფრთოვანებული ვარ, მაგრამ არ ვიცი, რა და როგორ განვითარდება“.
სხვათა შორის, უაითმა ისიც განაცხადა, რომ UFC ესპანეთში ღონისძიების ჩატარებას აპირებს. მისი თქმით, ეს დიდი ალბათობით, 2025 წელს მოხდება.