„მაქსი გადაწყვეტილებით მოიგებს, ილიას ნოკაუტის შანსი აქვს“ | ვოლკანოვსკის ვარაუდი
UFC-ის ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის ყოფილმა ჩემპიონმა, ალექსანდრ ვოლკანოვსკიმ ილია თოფურიასა და მაქს ჰოლოუეის დაპირისპირებაზე ისაუბრა. „ვოლკმა“ საჩემპიონო ორთაბრძოლა გაარჩია და ივარაუდა, რომ „ელ მატადორი“ ტიტულს დაკარგავს.
„მაქს ჰოლოუეის მოგებას ვვარაუდობ. ილიას ძლიერი დარტყმები აქვს და ვიცოდით, რომ ჩემი დამარცხების ერთადერთი შანსი შეცდომაზე დაჭერა იყო. ჩემთან ჩხუბისას სწორედ ეს მოხდა და ვფიქრობ, ჰოლოუეისთანაც იგივე გველოდება. თოფურია მოიგებს თუ მაქსს შეცდომაზე დაიჭერს. რა თქმა უნდა, თოფურიას ამის გაკეთება შეუძლია, მაგრამ ჰოლოუეიმ უამრავჯერ დაამტკიცა, რამდენად მაგარი მებრძოლია და როგორი გამძლე ყბა აქვს.
თოფურიამ ჰოლოუეის ყბა უნდა გამოცადოს და დააფინიშოს, თორემ ბოლო რაუნდებში, ძალიან გაუჭირდება, რადგან მაქსს ბრწყინვალე კარდიო აქვს და უბრალოდ არ გაჩერდება. ყველამ ვიცით, რომ ჰოლოუეის გამძლე ყბა აქვს და ილიამ ის რომც გამოცადოს, არ მგონია, მაქსი გათიშოს. მისი გათიშვა ბევრს გვიცდია და ეს ძალიან ძნელია.
ილიას ულამაზესი კრივი და ძლიერი ხელები აქვს. მას ნამდვილად შეუძლია, ჰოლოუეის ყბას ზიანი მიაყენოს, მაგრამ საკითხავია ნოკაუტს შემოგვთავაზებს თუ არა. ბევრი ამბობს, რომ თოფურია ჭიდაობასა და გრეპლინგში ძლიერია, მაგრამ მაქსის თეიქდაუნების წინააღმდეგ დაცვა საერთოდ სხვა დონეა. მისი პარტერში გადაყვანა ურთულესი იქნება. იგი ყველა კომპონენტში ძლიერი და ძალიან გამოცდილი მებრძოლია, რის გამოც მიკვირს, აუტსაიდერის სტატუსით რომ ჩხუბობს.
სტილის მხრივ, ილიას ურთულესი საღამო ელოდება და მაქსს მისი შენელება შეუძლია. არ მგონია, ჰოლოუეიმ ორთაბრძოლა საწყის რაუნდებში დაასრულოს, მაგრამ ბოლოსკენ გამორიცხული ნამდვილად არაფერია. საწყის რაუნდებში, ჰოლოუეის ჩხუბი თოფურიაზე დიდ გავლენას ვერ მოახდენს, მაგრამ როგორც კი ილიას დაღლა დაეტყობა და მიხვდება, რომ თეიქდაუნს ვერ ახორციელებს, მძიმედ სუნთქავს და ვერც მაქსის ყბა დააზიანა, პრობლემები შეექმნება და ყველაფერი შეიცვლება. ეს ჩხუბის სტარტზე არ მოხდება და ამას ალბათ, მე-3 ან მე-4 რაუნდებში ვიხილავთ.
ჰოლოუეის გამარჯვებას ვვარაუდობ და ვფიქრობ, მსაჯთა გადაწყვეტილებით მოგება ყველაზე კარგი ვარიანტია. მაქსის მოგებაც კარგი ფსონი იქნებოდა და თუ გარისკვა გინდათ, შეგიძლიათ, მაქსის ფინიშით მოგება აირჩიოთ“.
ცნობისთვის, თოფურიასა და ჰოლოუეის ორთაბრძოლა UFC 308-ის მთავარი მოვლენაა და აბუ დაბიში გაიმართება. ღონისძიების მეინ ქარდი 26 ოქტომბერს, თბილისის დროით, 22:00-ზე დაიწყება, ილიასა და მაქსის ჩხუბს კი სავარაუდოდ, 27-ში, 00:30-დან ვიხილავთ.