წიტაიშვილი დაბრუნდა - ქართველი „კასტელონთან“ განაცხადში იქნება
„გრანადას“ ქართველი შემტევი გიორგი წიტაიშვილი, რომელმაც ბოლო ტურის მატჩი მცირე დისკომფორტის გამო გამოტოვა, „კასტელონთან“ მატჩში განაცხადში იქნება. ინფორმაცია ამის შესახებ „გრანადას“ მთავარმა მწვრთნელმა, ფრან ესკრიბამ დაადასტურა.
„გიორგი წიტაიშვილი თავს კარგად გრძნობს, უკეთ არის და თამაშს შეძლებს. ტრავმირებულები მხოლოდ კარლოს ნევა და პაბლო ინსუა არიან, თუმცა რამდენიმე ფეხბურთელს ბევრი სათამაშო დრო დაუგროვდათ, ამიტომ „კასტელონთან“ მატჩში როტაცია იქნება“, - განაცხადა ფრან ესკრიბამ.
შეგახსენებთ, რომ ფრან ესკრიბა „გრანადას“ 24 სექტებმერს ჩაუდგა სათავეში, მანამდე კი წიტაიშვილის გუნდს გილიერმო აბასკალი წვრთნიდა. ესკრიბას ხელმძღვანელობით გამართული 4 მატჩიდან „გრანადამ“ 3 მოიგო და 1 ფრედ ითამაშა.
ცნობისთვის, წიტაიშვილი ესპანურ კლუბს მიმდინარე წლის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს კიევის „დინამოდან“ იჯარის წესით შეუერთდა. დღემდე ყველა ტურნირზე ერთად 7 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 1 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა შეასრულა.
აქვე გეტყვით, რომ 10 ტურის შემდეგ „გრანადასა“ და „კასტელონს“ 16-16 ქულა აქვთ და ისინი, „სარაგოსასთან“ და „ოვიედოსთან“ ერთად სატურნირო ცხრილის 4-8 პოზიციებს იყოფენ.