ხვიჩა კვარაცხელია, ჯანფრანკო ძოლა
Aa
Aa

„სერია A-ს მისნაირი ფეხბურთელები სჭირდება“ | ძოლამ ხვიჩა ჯორჯ ბესტს შეადარა

იტალიური ფეხბურთის ლეგენდამ, ჯანფრანკო ძოლამ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა. ძოლამ ნეაპოლურ გამოცემას, Il Mattino-ს ექსკლუზიური ინტერვიუ მისცა და განაცხადა, რომ „პარტენოპეიმ“ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რათა ქართველი გარემარბი შეინარჩუნოს.

„ხვიჩა კვარაცხელია თანამედროვე ჯორჯ ბესტია. კვარა და მისნაირი ფეხბურთელები იტალიის ჩემპიონატში უნდა დარჩნენ, რადგან მათ წარმოსახვის უნარი აქვთ, გულშემატკივრებს სიამოვნებას ანიჭებენ და რაც მთავარია, იციან, ეს როგორ გააკეთონ. სერია A-ს კვარაცხელია და მისი მსგავსი ტალანტები სჭირდება. სხვა ჩემპიონატებს ჩემპიონებს ვერ წავართმევთ, მაგრამ თუ ისინი გავზარდეთ, უნდა შევინარჩუნოთ კიდეც.

კვარას ცუდი ფორმა? ყველაფერი ხდება და ტალანტებს შეიძლება, ცუდი დღეები ჰქონდეთ. იგივე დაემართათ დიბალასა და ლაუტაროს. ჩემი აზრით, პრობლემები, რომლებიც ნაპოლის გასულ სეზონში ჰქონდა, კვარაცხელიას გაზრდაში დაეხმარა და უფრო დაღვინებული ფეხბურთელი გახადა. იშვიათი ფუფუნებაა ისეთი მოთამაშის ყოლა, რომელსაც მეტოქეზე წასვლა და მისი მოტყუება შეუძლია.

იშვიათი ფუფუნებაა? დიახ. გვყავდა ბაჯო, დელ პიერო, ტოტი, მარადონა და სხვები. მაშინდელ ფეხბურთში აქცენტი ბურთის ფლობაზე იყო გაკეთებული. როცა ფეხბურთელი ინიციატივას იჩენდა, მეტოქესთან პირისპირ წასვლის პასუხისმგებლობას იღებდა და ცდილობდა, კრეატიული ყოფილიყო. ახლა, შეტევების ორგანიზების მხრივ, გუნდები უფრო მეტ სიფრთხილეს იჩენენ და ნელ-ნელა, კლასიკური ათიანი მოდიდან გადადის. კვარაცხელია პრემიერ ლიგაში? ჩემი აზრით, ხვიჩა დიდ წარმატებას მიაღწევდა".

ცნობისთვის, კვარაცხელიას სერია A-ს მიმდინარე სეზონში 4 გოლი და 2 საგოლე გადაცემა აქვს გაფორმებული. მისი გუნდი 19 ქულით ჩემპიონატის ლიდერია და მომდევნო ტურში „ლეჩეს“ დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„დე ლაურენტისის განცხადებამ შესაძლოა, უარყოფითად იმოქმედოს“ - ნაპოლის ექს-მცველი კვარას კონტრაქტზე
„დე ლაურენტისის განცხადებამ შესაძლოა, უარყოფითად იმოქმედოს“ - ნაპოლის ექს-მცველი კვარას კონტრაქტზე