ბოლო 67 წლის ანტირეკორდი - ვალენსია ლა ლიგის ბოლო ადგილზეა
ლა ლიგის მე-10 ტურში „ლას პალმასთან“ საშინაო მარცხის შემდეგ გიორგი მამარდაშვილის „ვალენსია“ სატურნირო ცხრილის ბოლო, მე-20 ადგილზე იმყოფება, რაც „ღამურების“ ბოლო 67 წლის ანტირეკორდია.
10 მატჩში რუბენ ბარახას გუნდს მხოლოდ 6 ქულა აქვს, „ღამურების“ ანგარიშზე 1 გამარჯვება, 3 ფრე და 5 წაგებაა. ასეთი ცუდი სტარტი ბოლოს „ვალენსიას“ 1957-58 წლების სეზონში ჰქონდა, როდესაც პირველ 10 ტურში „ღამურებმა“ 5 ქულა აიღეს.
მატჩის შემდეგ ვალენსიური კლუბის თავკაცმა, რუბენ ბარახამ განაცხადა, რომ ესმის გულშემატკივრების ემოციებისა და უკმაყოფილების, მაგრამ შექმნილი ვითარებიდან გამოსვლა მხოლოდ ერთიანობით არის შესაძლებელი.
რუბენ ბარახა:
„ფრუსტრაცია, ყოყმანი, დაძაბულობა და ისტერია ამ სიტუაციიდან ვერ გამოგვიყვანს. უნდა შევინარჩუნოთ სიმშვიდე, 10 მატჩის შემდეგ ბოლო ადგილზე ყოფნა შემთხვევითობა არაა - თუ ამას კარგად გავიაზრებთ, ეს გამოსავლის პოვნაში დაგვეხმარება.
ხანდახან გუნდის გარშემო არსებული გარემო ფეხბურთელებზე ზეგავლენას ახდენს, მაგრამ ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ სიმშვიდე. ფეხბურთელებმა უნდა დაიჯერონ საკუთარი შესაძლებლობების და იბრძოლონ მოედანზე.
ჩემი მომავალი? მე ამაზე არ ვფიქრობ, კონცენტრირებული ვარ თამაშებზე და იმაზე, რისი გაკეთება შემიძლია იმისათვის, რომ ფეხბურთელებმა უკეთ ითამაშონ. დანარჩენი ჩემზე არაა დამოკიდებული.
როგორც „ვალენსიას“ მწვრთნელსა და გულშემატკივარს, მე მესმის ჩვენი ფანების. მე ასევე იმედგაცრუებული ვარ. არ მომწონს, როცა ვხედავ, რომ ჩემი ფეხბურთელები იტანჯებიან, მაგრამ უნდა გავაგრძელოთ წინსვლა და დავარწმუნოთ ფეხბურთელები, რომ მხოლოდ მათ შეუძლიათ შექმნილი ვითარების გამოსწორება“.
ცნობისთვის, მიმდინარე სეზონში გიორგი მამარდაშვილმა „ვალენსიას“ ათივე მატჩში ითამაშა და 16 ბურთი გაუშვა. ამ მარცხის შემდეგ ბარახას გუნდმა სატურნირო ცხრილში 6 ქულით ბოლო ადგილზე გადაინაცვლა. 10 ტურში, „ვალენსიას“ 1 მოგება, 3 ფრე და 6 მარცხი დაუგროვდა.
„ღამურები“ მომდევნო შეხვედრას 27 ოქტომბერს, სტუმრად „ხეტაფეს“ წინააღმდეგ გამართავენ. მატჩი თბილისის დროით 19:15 საათზე დაიწყება.