გიორგი მამარდაშვილი
Aa
Aa

ვალენსიას მარცხი ლას პალმასთან - მამარდამ სამი ბურთი გაუშვა

ესპანეთის ლა ლიგის მე-10 ტურში გიორგი მამარდაშვილის „ვალენსია“ საკუთარ მოედანზე სატურნირო ცხრილის ბოლოადგილოსანს, „ლას პალმასს“ დაუპირისპირდა და სამწუხაროდ, 1:3 დამარცხდა.

ქართველი მეკარე ტრადიციულად „ღამურების“ სასტარტო შემადგენლობაში იყო, თუმცა, საკუთარ გუნდს ვერაფრით დაეხმარა.

სტუმრებმა მამარდაშვილის კარის მიმართულებით ბურთი ოთხჯერ გადაგზავნეს და აქედან სამ შემთხვევაში გოლი გაიტანეს, ქართველმა მეკარემ კი მატჩი ერთი სეივით დაასრულა, რომელიც 43-ე წუთზე მიითვალა, თუმცა, ეპიზოდი გოლის გარეშე მაინც არ დასრულდა, რადგან მამარდაშვილის მოგერიებულს შემდეგ მუნიოსმა დაამატა.

ანგარიში თავდაპირველად „ვალენსიამ“ მე-14 წუთზე, პეპელუს თერთმეტმეტრიანით გახსნა, 43-ე წუთზე კი „ლას პალმასმა“ წონასწორობა მუნიოსის გოლით აღადგინა.

54-ე წუთზე სტუმრებმა სხვაობა ორბურთამდე გაზარდეს. თავი ამჯერად სილვამ გამოიჩინა. 70-ე წუთიდან ვალენსიელები ფაქტობრივად გამოუვალ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ. მთავარმა მსაჯმა მოედნიდან არასპორტული საქციელის გამო პეპელუ გააძევა. „ლას პალმასმა“ რიცხობრივი უპირატესობა 85-ე წუთზე გამოიყენეს. „ვალენსიას“ კარში მესამე გოლი მოლეირომ გაიტანა. მსაჯის მიერ დამატებულ მე-4 წუთზე რუბენ ბარახას გუნდმა სხვაობა მინიმუმამდე შეამცირა, თუმცა, თამაშის გადარჩენა ვეღარ შეძლო.

მიმდინარე სეზონში მამარდაშვილმა „ვალენსიას“ ათივე მატჩში ითამაშა და 16 ბურთი გაუშვა. ამ მარცხის შემდეგ ბარახას გუნდმა სატურნირო ცხრილში 6 ქულით ბოლო ადგილზე გადაინაცვლა. 10 ტურში, „ვალენსიას“ 1 მოგება, 3 ფრე და 6 მარცხი დაუგროვდა.

„ღამურები“ მომდევნო შეხვედრას 27 ოქტომბერს, სტუმრად „ხეტაფეს“ წინააღმდეგ გამართავენ. მატჩი თბილისის დროით 19:15 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები