დე ლაურენტისის ფრაზა მინიშნებაა - კვარა ნაპოლიდან წავა
უკანასკნელი საათებია ნეაპოლური სპორტული მედიის მთავარი სალაპარაკო თემა აურელიო დე ლაურენტისის ხისტი განცხადება გახლავთ, რომელმაც აღნიშნა, რომ თუ ხვიჩა კვარაცხელია წასვლას გადაწყვეტს, „ნაპოლი“ ამას როგორმე გადაიტანს. ბუნებრივია, პრეზიდენტის ნათქვამი ბევრს არ მოეწონა და შესაძლოა არ მოეწონოს ფეხბურთელის გარემოცვასაც, თუმცა რამდენად შევა კონტრაქტის გახანგრძლივებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები ჩიხში, ამას დრო გვიჩვენებს.
იქამდე კი, ავტორიტეტულმა იტალიურმა გამოცემა Gazzetta Dello Sport-მა არქივიდან საინტერესო ფაქტები ამოქექა. როგორც გაირკვა, დე ლაურენტისს პარტენოპეის პრეზიდენტობისას, ფრაზა „თუ წასვლა უნდა, ამას როგორმე გადავიტანთ“ კლუბის 9 სხვადასხვა წევრის მისამართით აქვს ნათქვამი და ყველა მათგანმა ნეაპოლი დატოვა. თავდაპირველად გეტყვით, რომ ანალოგიური სიტუაციის დროს, 2013 წლის თებერვალში „ნაპოლის“ მთავარი მწვრთნელის პოსტიდან ვალტერ მაცარიმ გადადგა და „ინტერში“ წავიდა, მოგვიანებით კი იგივე გზა რაფაელ ბენიტესმა გაიარა, თუმცა მან კარიერა „რეალში“ განაგრძო.
დე ლაურენტისის მკვახე ფრაზების შემდეგ კლუბი უამრავ ფეხბურთელს აქვს დატოვებული. სულ თავიდან პრეზიდენტის არაეთიკურ განცხადებას პსჟ-ში წასვლით საკადრისი პასუხი ედინსონ კავანიმ გასცა. მსგავსი შემთხვევა იყო ასევე ლორენცო ინსინიესა და დრის მერტენსის მისამართით, რომელთაც კარიერა შესაბამისად, „ტორონტოსა“ და „გალათასარაიში“ განაგრძეს. კლუბის ბოსმა ასევე გული აიცრუა პიოტრ ჟელინსკიზე, რომელმაც თანამშრომლობის გაგრძელება იუარა და „ინტერში“ წავიდა, ხოლო ვიქტორ ოსიმენის ამბავი ახალია და ყველამ იცის, თუმცა ნიგერიელს დე ლაურენტისისთვის თავი ბოლომდე არ დაუღწევია, რადგან „გალათასარაიში“ მხოლოდ იჯარის წესით თამაშობს და მისი სატრანსფერო უფლებები ჯერ კიდევ „ნაპოლის“ ეკუთვნის.