„ის ლიონში ძალიან მალე ათამაშდება“ - სირაძე მიქაუტაძეზე
„ლიონის“ კარგი შედეგები და საფრანგეთის ჩემპიონატის სტარტზე დაკარგული პოზიციების დაბრუნება, გიორგი მიქაუტაძის სათადარიგო სკამზე დასმას ცუდად დაემთხვა. ბოლო ტურებია რონისპირელები მეტოქეებს დამაჯერებლად ამარცხებენ და კლუბის მთავარი მწვრთნელი პიერ საჟი შემადგენლობაში კორექტივების შეტანის ვერანაირ საჭიროებას ვერ ხედავს, რის გამოც ქართველი ფორვარდი იჩაგრება და საკუთარ შანსს მოთმინებით ელოდება.
საქართველოს ნაკრების ამჟამინდელ თავდამსხმელზე Crystalsport-თან ინტერვიუში ეროვნული გუნდის ყოფილმა ფორვარდმა დავით სირაძემ, რომელსაც დღეს დაბადების დღე აქვს და 43 წელი შეუსრულდა, საინტერესოდ ისაუბრა.
დავით სირაძე
ჩემი აზრით, ჯერჯერობით კატასტროფული არაფერი ხდება და უბრალო უიღბლობასთან გვაქვს საქმე. ვისაც გიორგის შესაძლებლობებში ეჭვი ეპარება, ძალიან ცდება და მერწმუნეთ, ის სულ მალე „ლიონის“ ძირითადი შემადგენლობის შეუცვლელი წევრი გახდება.
სისულელეა იმის თქმა თითქოს ის მხოლოდ „მეცში“ ახერხებს მაღალ დონეზე თამაშს. „აიაქსში“ იმიტომ ვერ შეძლო საკუთარი კლასის დამტკიცება, რომ უცხო ქვეყანასთან და უცხო ჩემპიონატთან შეგუება გაუჭირდა.
ყველაზე მეტად სასიხარულო ის ფაქტი გახლავთ, რომ მის კარიერაში ასეთ ცუდ დროს, მიქაუტაძეს ნაკრებიდან მაქსიმალური ხელშეწყობა აქვს და ვილი სანიოლი მის მიმართ ძველებური ნდობით არის განწყობილი. ამ ყველაფერს კი ის სათანადოდ აფასებს და ჩვენი ქვეყნის ეროვნულ გუნდში უმაღლეს დონეზე ასპარეზობს.
დამიჯერეთ, ერთი გოლი და ერთი წარმატებული მატჩი სჭირდება, რის შემდეგაც გიორგი მიქაუტაძის გარეშე „ლიონის“ წარმოდგენა შეუძლებელი იქნება. არც იმ ადამიანებს ვეთანხმები, რომლებიც თვლიან, რომ არჩევანი „მონაკოს“ სასარგებლოდ უნდა გაეკეთებინა, რადგან არა მგონია, ამ ორ კლუბს შორის კლასში სხვაობა დიდი იყოს.
საკლუბო დონეზე დავით სირაძეს თბილისის „ლოკომოტივში“, „უნიონ ბერლინში“, ტრირის „აინტრახტში“, „აუეში“, „პადერბორნში“, ნალჩიკის „სპარტაკში“, ბოლნისის „სიონსა“ და ჩიზინაუს „დაჩიაში“ უთამაშია. საქართველოს ეროვნულ ნაკრებში კი 2004-2011 წლებში ჩატარებულ 28 მატჩში 8 გოლი გაიტანა.