მაკგრეგორი: „UFC-ის თავდაყირა დაყენება შემიძლია“
კონორ მაკგრეგორი ოქტაგონზე 3-წლიანი პაუზის შემდეგ ივნისში უნდა დაბრუნებულიყო, მაგრამ თითის მოტეხვის გამო, მისი და მაიკლ ჩენდლერის დაპირისპირებამ ჯერჯერობით გაურკვეველი ვადით გადაიწია. ვარჯიშობს და ემზადება თუ არა შერეულ ორთაბრძოლებში დაბრუნებისთვის, ამის დანამდვილებით თქმა რთულია, თუმცა საჯარო განცხადებების გაკეთებას არ ერიდება.
ირლანდიელმა სპორტსმენმა საკუთარ Twitter-ზე დაწერა მოკლე პოსტი, სადაც აღნიშნავს, რომ მას UFC-ში მოღვაწეობა ჯერჯერობით არ დაუსრულებია და ნებისმიერ დროს შეუძლია დაბრუნება, რის შემდეგაც ამ ორგანიზაციას თავდაყირა დააყენებს და ძალთა ახალი გადანაწილება მოხდება.
მისი არასერიოზული ქცევებიდან გამომდინარე, კონორს ორგანიზაციის მოქმედი ჩემპიონები, მათ შორის ქართველი ილია თოფურია სერიოზულად აღარ აღიქვამენ, რაც ამ უკანასკნელს უზომოდ აბრაზებს, მაგრამ როგორც ჩანს, UFC-ის პრეზიდენტი დენა უაითი მაკგრეგორს ჯერ კიდევ აფასებს, რადგან ცოტა ხნის წინ მსოფლიოს ყველა დროის სამ საუკეთესო მებრძოლს შორის დაასახელა და აღნიშნა, რომ ირლანდიელი არის ის პიროვნება, რომელმაც თავის დროზე სპორტის ეს სახეობა სრულიად ახალ საფეხურზე აიყვანა.
შეგახსენებთ, რომ კონორ მაკგრეგორი ისტორიაში პირველი მებრძოლია, რომელმაც UFC-ის საჩემპიონო ქამარი სხვადასხვა წონით კატეგორიებში მოიგო.