აშვეთია: „წასვლის მიზეზებზე საუბარი არ მსურს“
რამდენიმე დღის წინ მიხეილ აშვეთიამ წყალტუბოს საფეხბურთო კლუბ „სამგურალის“ მთავარი მწვრთნელის თანამდებობა დატოვა და მის ნაცვლად იტალიელი სპეციალისტი როდოლფო ვანოლი დანიშნეს, რომლის დებიუტიც წარუმატებელი გამოდგა, რადგან იმერული კლუბი გუშინ გორში ადგილობრივ „დილასთან“ (1:2) დამარცხდა.
აშვეთია „სამგურალის“ დამრიგებლის პოსტის ჩაბარებამდე, სპორტული დირექტორის პოზიციაზეც მუშაობდა და მისი წასვლა საკმაოდ მოულოდნელი იყო. სწორედ ამ თემასთან დაკავშირებით დაიწყო მან Crystalsport-თან საუბარი, რის შემდეგაც საქართველოს ნაკრების ოქტომბრის მატჩებზეც გააკეთა კომენტარი.
მიხეილ აშვეთია
„სამგურალიდან“ წასვლის მიზეზებზე საჯაროდ საუბარი არ მსურს, რადგან კლუბის პრეზიდენტთან დღემდე ვინარჩუნებ მეგობრულ ურთიერთობას და ამ გუნდს წარმატებებს ვუსურვებ.
ჩემი მწვრთნელობის ბოლო პერიოდში იყო რამდენიმე თამაში, რომლის მოგებაც შეიძლებოდა, თუმცა ბევრმა ფაქტორმა შეგვიშალა ხელი. ეს პირველ რიგში ტრავმირებულების არყოფნაზე ითქმის და გიორგი ფანცულაიას წასვლის შემდეგ, საგოლე მომენტების გამოყენება გვიჭირდა.
სექტემბრის წარმატებული მატჩებიდან გამომდინარე, ოქტომბერშიც საქართველოს ნაკრებისგან გამარჯვებებს ველოდით, მაგრამ თითქოს, ვილი სანიოლის ტაქტიკური მონახაზი მეტოქეებს კარგად ჰქონდათ შესწავლილი.
ალბანეთთან შუა ხაზში გიორგი ქოჩორაშვილის არყოფნა ნაკრებს აშკარად ეტყობოდა. ისეთი მოცემულობა დადგა, რომ ჩაკვეტაძეს უკან უწევდა თამაში, რამაც მისი შემტევი პოტენციალი საგრძნობლად შეასუსტა.
გარდა ამისა, მომენტებიც ვერ გამოვიყენეთ, რაც ასეთი ხასიათის შეხვედრაში უმნიშვნელოვანესია.არ ვიცი ამ შემადგენლობაში ვისი დამატება შეიძლება, რადგან ევროპის ჩემპიონატის შემდეგ ძირითადი ბირთვი ჩამოყალიბებულია. შეიძლებოდა ირაკლი აზაროვისა და საბა ლობჟანიძის გამოყენება, მაგრამ ალბათ სანიოლმა უკეთ იცის ვინ გამოიძახოს.
საქართველოს ეროვნულ ნაკრებში გამართული 24 მატჩიდან მიხეილ აშვეთიამ ძირითად შემადგენლობაში მხოლოდ 11 დაიწყო და თავი 5 გოლით გამოიჩინა.