„კვარაცხელიას ლიდერობა კითხვის ნიშნის ქვეშაა...“ - რას წერს იტალიური მედია
ხვიჩა კვარაცხელია, მისი კონტრაქტი და ასევე „ნაპოლის“ ახალი მოთამაშეები იტალიური მედიის მუდმივი თემებია.
Gazzetta Dello Sport-ი ამჯერად დავიდ ნერეშის როლის გაძლიერებაზე წერს:
„ბოლო წლებში ხვიჩა კვარაცხელია თავისი თამაშით ყველა გულშემატკივარს აღაფრთოვანებდა. ის გახდა ჩემპიონატის ერთ-ერთი საუკეთესო თავდამსხმელი, ასევე „ნაპოლი“ მიიყვანა სკუდეტოს მოგებამდე, მაგრამ როგორც ჩანს, წელს რაღაცამ ნაპრალი გააჩინა და ამ კონტექსტში, დავიდ ნერეშის ჩრდილი სულ უფრო იზრდება“.
„ემპოლისთან“ მატჩში, კვარაცხელია ჯერ შებოჭეს, შემდეგ კი ტოსკანელების მახრჩობელა პრესინგის ქვეშ მოექცა. ამის შემდეგ მან სივრცე დაუტოვა ნერეშს, რომელიც მის ტექნიკურ ლიდერობას ეჭვქვეშ აყენებს. ადამიანს, რომელმაც მას ხელშეუხებლის სტატუსი უკვე ჩამოართვა. როგორც ჩანს, ამ ახალმა განზომილებამ ხვიჩას თავდაჯერებულობა წაართვა“.
სერია A-ს მე-8 ტურში, „ნაპოლიმ“ სტუმრად „ემპოლი“ 1:0 დაამარცხა და სერია A-ში ლიდერის სტატუსი დაიბრუნა. ერთადერთი გოლი 63-ე წუთზე თერთმეტმეტრიანიდან ხვიჩა კვარაცხელიამ გაიტანა.
ცნობისთვის, „ემპოლისთან“ გოლი ხვიჩა კვარაცხელიასთვის მიმდინარე სეზონში მე-4 იყო. 4 გოლთან ერთად, ქართველმა შემტევმა 2 საგოლე გადაცემაც მიითვალა. 8 ტურის შემდეგ, „ნაპოლი“ სერია A-ს სატურნირო ცხრილს 19 ქულით ლიდერობს და მეორეადგილოსან „იუვენტუსს“ 3 ქულით უსწრებს.
ანტონიო კონტეს გუნდი მომდევნო შეხვედრას 26 ოქტომბერს, საკუთარ მოედანზე „ლეჩეს“ წინააღმდეგ გამართავს. მატჩი თბილისის დროით 17:00 საათზე დაიწყება.