გოგლიჩიძეს აკვირდებიან | სარტორი ქართველის თამაშს დაესწრო
იტალიელმა ჟურნალისტმა ნიკოლას სკირამ საბა გოგლიჩიძის შესახებ საინტერესო ინფორმაცია გაავრცელა. „ბოლონიას’’ ტექნიკური დირექტორი ჯოვანი სარტორი „კასტელანიზე’’ „ემპოლისა’’ და „ნაპოლის’’ შეხვედრას დაესწრო. სარტორი გოგლიჩიძის თამაშს დააკვირდა.
2023-24 წლების სეზონი „ბოლონიასთვის’’ წარმატებული იყო, ტიაგო მოტას ხელმძღვანელობით სერია A-ში მე-5 ადგილზე გავიდა და ამ სეზონში ჩემპიონთა ლიგაზეა, თუმცა ზაფხულში მოტა „იუვენტუსში’’ წავიდა და ახლა „ბოლონიას’’ ვინჩენცო იტალიანო წვრთნის. ამ სეზონში „ბოლონიას'' საქმეები იტალიის ჩემპიონატში კარგად ვერ მიდის, 8 ტურში 9 ქულა დააგროვა და მე-13 ადგილზეა.
20 წლის საბა გოგლიჩიძე, რომელმაც გასული წლის მიწურულს ქუთაისის „ტორპედო'' დატოვა და ზამთარში „ემპოლიში’’ გადავიდა, იტალიის ჩემპიონატში სადებიუტო მატჩი მიმდინარე სეზონის მე-3 ტურში „ბოლონიასთან’’ ჩაატარა. მას შემდეგ საბა „ემპოლის’’ სასტარტო შემადგენლობის უცვლელ წევრად იქცა.
გოგლიჩიძემ სერია A-ში ზედიზედ მე-6 მატჩი სასტარტოში ითამაშა, გასულ ხუთ შეხვედრაში არ შეუცვლიათ, მატჩის ბოლომდე მოედანზე იყო, პირველად „ნაპოლისთან'' შეცვალეს (78-ე წუთზე). სწორედ ამ შეხვედრას დაესწრო სარტორი. საბამ კარგი შთაბეჭდილება დატოვა, საიმედო და დამაჯერებელი იყო, მათ შორის მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო გარემარბის, ხვიჩა კვარაცხელიას წინააღმდეგ.