„5-რაუნდიანი ომისთვის უნდა იყო მზად“ | ვოლკი დარწმუნებულია, რომ ჰოლოუეი ილიას მოუგებს
UFC-ის ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის ყოფილმა ჩემპიონმა, ალექსანდრ ვოლკანოვსკიმ ილია თოფურიასა და მაქს ჰოლოუეის სატიტულო ჩხუბზე ისაუბრა. „ვოლკმა“ საკუთარი პროგნოზი შემოგვთავაზა და „ელ მატადორის“ მარცხი კიდევ ერთხელ ივარაუდა.
„ილია თოფურია ძლიერი დარტყმის მქონე მებრძოლია და კარგი გრეპლინგი აქვს, მაგრამ თუ თეიქდაუნის შესრულებას ეცდება, ჰოლოუეის დაცვა თეიქდაუნების წინააღმდეგ მისთვის გადაულახავი დაბრკოლება აღმოჩნდება. არის შანსი, ილიამ მაქსი დაიჭიროს, მაგრამ მგონია, მას ძალიან რთული და გრძელი საღამო ელოდება.
ჰოლოუესთან სამჯერ მიჩხუბია და ვიცი, მასთან ორთაბრძოლისთვის მოსამზადებლად რამდენი რამაა საჭირო. 5-რაუნდიანი ომისთვის უნდა იყო მზად. მაქსი არ გაჩერდება. შეიძლება, ძლიერად მოარტყა, მაგრამ გამორიცხულია, უკან დაიხიოს ან გაჩერდეს. ჩვენს ბოლო ორთაბრძოლაში, მის სასარგებლოდ არაფერი მიდიოდა, მაგრამ მთელი ჩხუბის განმავლობაში წინ მოდიოდა. ჰოლოუეი ასეთი მებრძოლია და მგონია, ილია მას ვერ გაუმკლავდება“.
სხვათა შორის, ვოლკანოვსკის გარდა, საკუთარი მოსაზრება დენ ჰუკერმაც დააფიქსირა. მისი თქმით, თოფურია ჯასტინ გეიჯის მსგავსი მებრძოლია და ილიამ რაღაც განსხვავებული თუ არ აჩვენა, იგივე ბედი ელის, რაც გეიჯის.
ცნობისთვის, თოფურიასა და ჰოლოუეის ორთაბრძოლა UFC 308-ის მთავარი მოვლენაა და აბუ დაბიში გაიმართება. ღონისძიების მეინ ქარდი 26 ოქტომბერს, თბილისის დროით, 22:00-ზე დაიწყება, ილიასა და მაქსის ჩხუბს კი სავარაუდოდ, 27-ში, 00:30-დან ვიხილავთ.