დილა ჩემპიონატის თანალიდერია - წარუმატებელი იტალიური დებიუტი სამგურალში
29-ე ტურის შემდეგ, Crystalbet ეროვნული ლიგის სატურნირო ცხრილის ზედა ნაწილში ვითარება უკიდურესად დაიძაბა, რაც „იბერია“ – „ტორპედოს“ მატჩში დაფიქსირებული შედეგის გარდა, „დილას“ მორიგი გამარჯვების დამსახურებაა. გორელებმა საკუთარ სტადიონზე დაძაბულ ბრძოლაში „სამგურალს“ 2:1 აჯობეს, „იბერიელების“ მსგავსად 58 ქულა დააგროვეს და ახლა პირველ ადგილზე ბურთების უკეთესი შეფარდების წყალობით იმყოფებიან.
„თენგიზ ბურჯანაძე არენაზე“ ანგარიში მე-10 წუთზე გაიხსნა, როდესაც ტაირელ ვაუტერის ჩაწოდების შემდეგ სტუმართა კარი თავური დარტყმით შოთა შეყილაძემ აიღო. მეორე ტაიმის დასაწყისში ნიკა კალანდარიშვილმა ბრწყინვალედ შესრულებული სტანდარტით წონასწორობა აღადგინა. გადამწყვეტი გოლი კი ირაკლი ბუღრიძის ანგარიშზეა, რომელმაც თავი არბიტრის მიერ კომპენსირებულ დროში, ცვლილებაზე შესვლიდან ორ წუთში გამოიჩინა, როდესაც მეკარე ლუკა კუტალაძის შეცდომა კარგად გამოიყენა.
მომდევნო ტურში „სამგურალი“ „დინამო ბათუმს“ უმასპინძლებს და ზედიზედ 4-მატჩიანი წაგებათა სერიის დასრულებას შეეცდება. რაც შეეხება „დილას“, გორელები სტუმრად „კავკასიონი არენაზე“ „თელავს“ დაუპირისპირდებიან.