იბერიამ ტორპედოს მოუგო და ლიდერობა წაართვა
Crystalbet ეროვნული ლიგის XXIX ტურის ცენტრალური მატჩის დასრულების შემდეგ, სატურნირო ცხრილში ლიდერი შეიცვალა. „იბერიამ“ „პეტრიაშვილი არენაზე“ „ტორპედოს“ 3:0 მოუგო და პირველ ადგილზე გადაინაცვლა. უშუალო კონკურენტების მატჩი წესით და რიგით დაძაბული სცენარით უნდა წარმართულიყო, მაგრამ მსგავსი არაფერი მომხდარა და გამარჯვებულის ვინაობა შესვენებამდე გაირკვა.
მასპინძლებმა სწრაფი ბურთის გატანა მოახერხეს, რამაც „იბერიას“ სერიოზული ფსიქოლოგიური უპირატესობა მოუტანა. მე-2 წუთზე გიორგი კოხრეიძის მიერ სტანდარტიდან დარტყმული ბურთი სტუმართა მეკარე ფილიპ კლიაიჩს ხელიდან გაუვარდა, რაც შეიკნე სილამ არ აპატია. ქუთაისელებს გონს მოსვლა არ აცადეს და პირველ ტაიმში კიდევ ორი ბურთი გაუტანეს. ჯერ ბენჟამინ ტეიდის პასით იური ტაბატაბაძემ მიითვალა გოლი, ხოლო შემდეგ ოთარ მამაგეიშვილმა ეფექტური დარტყმით გამარჯვებულის ვინაობა ფაქტიურად გაარკვია.
მეორე ტაიმის დასაწყისში შესაძლოა სიტუაცია დაძაბულიყო, მაგრამ ვიდეორეფერისთან გადამოწმების შემდეგ, მთავარმა არბიტრმა „ტორპედოს“ ახალგაზრდა ნახევარმცველის ცოტნე ფაცაციას ეფექტური გოლი გააუქმა. როგორც გამეორებაზე გამოჩნდა, მომო იანსანე ცოტნე კაპანაძის წინააღმდეგ თამაშის წესებს არღვევდა, რაც გოლის გაუქმების საფუძველად მიიჩნიეს. დარჩენილ დროში მომენტები ორივე მხარეს შეიქმნა, მაგრამ ანგარიში აღარ შეცვლილა.
XXIX ტურის შემდეგ სატურნირო ცხრილის ლიდერი „იბერიაა“ და თბილისელები მეორე პოზიციაზე მყოფ „ტორპედოს“ მხოლოდ ქულით უსწრებენ.