ამ კომპონენტში ერთ-ერთი საუკეთესოა - ხვიჩას უნიკალური შედეგი სერია A-ში
სერია A-ს მე-8 ტურში, „ნაპოლიმ“ სტუმრად „ემპოლი“ 1:0 დაამარცხა და სერია A-ში ლიდერის სტატუსი დაიბრუნა.
ერთადერთი გოლი 63-ე წუთზე თერთმეტმეტრიანიდან ხვიჩა კვარაცხელიამ გაიტანა.
ცნობილი სტატისტიკური პორტალის, Opta-ს ინფორმაციით, ხვიჩა კვარაცხელია 2024 წლის კალენდარულ წელში, საგოლე მომენტებში მონაწილეობის თვალსაზრისით სერია A-ში ერთ-ერთი საუკეთესოა.
2024 წელს, ხვიჩამ 15 გოლში მიიღო მონაწილეობა (10 გოლი და 5 საგოლე გადაცემა), ამ მაჩვენებლით კი სერია A-ში ის მხოლოდ კრისტიან პულიშიჩს ჩამორჩება, რომელმაც 2024 წელს „მილანის“ 18 გოლში გამოიჩინა თავი (11 გოლი და 7 საგოლე გადაცემა).
ცნობისთვის, „ემპოლისთან“ გოლი ხვიჩა კვარაცხელიასთვის მიმდინარე სეზონში მე-4 იყო. 4 გოლთან ერთად, ქართველმა შემტევმა 2 საგოლე გადაცემაც მიითვალა.
8 ტურის შემდეგ, „ნაპოლი“ სერია A-ს სატურნირო ცხრილს 19 ქულით ლიდერობს და მეორეადგილოსან „იუვენტუსს“ 3 ქულით უსწრებს. ანტონიო კონტეს გუნდი მომდევნო შეხვედრას 26 ოქტომბერს, საკუთარ მოედანზე „ლეჩეს“ წინააღმდეგ გამართავს. მატჩი თბილისის დროით 17:00 საათზე დაიწყება.